ჩელსი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. ლონდონურმა კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი რამდენიმე დღის წინ წარადგინა - ენცო მარესკა და მისი გუნდი, საქმეს უკვე შეუდგა. ასევე ცნობილი ხდება, რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს ზაფხულში ჩელსის.
სიაში საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელებს ვხვდებით, მაგალითად კონორ გალაგერს, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ვიცეკაპიტანია. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს ჩელსის დატოვება არ სურს, მისი გაყიდვა კლუბის გეგმებში მაინც შედის.
გაყიდვის მიზეზი?
1. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.
2. ჩელსის გაყიდვები სჭირდება, გალაგერი კი კლუბის აღზრდილია და მისი გაყიდვა უეფას Fair Play-ში კარგად აისახება.
კონორ გალაგერის დამატება ორ ინგლისურ კლუბს უკვე სურს - საქმეში ტოტენჰემი და ასტონ ვილა არიან. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ჩელსი 24 წლის ნახევარმცველს £50 მილიონად აფასებს. უახლოეს პერიოდში, მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც.