არგენტინის ნაკრების მაისური ათიანით ზურგზე ლიონელ მესის აღარ ეკუთვნის. როგორც ვიცით, ლეგენდარულმა შემტევმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. გავიხსენოთ "ალბისელესტეს" ყველა მე-10 ნომერი, 1950-იანი წლების მე-2 ნახევრიდან - დღემდე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ინტერ მაიამის ამჟამინდელი კაპიტნის მემკვიდრეობა ნიკო პასის ხელში გადავიდა.
"სელესიონის" პირველი ათიანი იყო ალფრედო როხასი, ვინც ამ ნომრით 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას. ოთხი წლის შემდეგ, ანუ ჩილეს მუნდიალზე 10-ით ზურგზე არგენტინას მოევლინა ხოსე სანფილიპო, რომელიც ეროვნულ გუნდში იმ დროისთვის გამოირჩეოდა საოცარი შედეგიანობით: 30 შეხვედრა, 21 გატანილი ბურთი.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "ალბისელესტეს" ათიანი უკვე იყო ანტონიო რატინი, ვინც ტურნირის მასპინძელთან, ინგლისთან სკანდალური დუელის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ისედაც უკვე არსებულ დაძაბულ სიტუაციასა და მსაჯის რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილებას არგენტინელი შუახაზელის გაძევებაც დაემატა.

"სელესიონის" ფეხბურთელები, მათ შორის თავად ბოკა ხუნიორსის ნახევარმცველი მეორე გაფრთხილებას უსამართლოდ მიიჩნევდნენ. ბრალდებული უარს ამბობდა მოედნის დატოვებაზე, რის გამოც ხუან კარლოს ლორენსოს გუნდის მე-10 ნომრის გაცილება პოლიციას მოუწია. მის შემდეგ, აღნიშნული ნომერი ცოტა ხნით კაჩო ერედიამ გადაიბარა.
ახლა კი პირველი დიდი ათიანის დრო დგება - მისი უდიდებულესობა, მარიო კემპესი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონობის მთავარი შემოქმედი და იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ბალონ დ'ორის მფლობელიც, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ჯილდოს ნომინანტთა სიაში არაევროპელებიც ყოფილიყვნენ.
გასაგებია, თუ ვის შესახებაც უნდა ვისაუბროთ შემდეგ, თუმცა იქამდე, აღვნიშნავთ იმასაც, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში ათიანით ზურგზე მცირე ხნით ალეხანდრო საბელია და ხუან კარლოს ბუხედოც თამაშობდნენ. მათ მერე იყო დიეგო მარადონა, რომელზეც საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.

ლეგენდარული შემტევი, ვინც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თავის პირად სპექტაკლად აქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ მის არყოფნის დროს არგენტინის მე-10 ნომერი დიეგო სიმეონე იყო. ბარსელონას ექს- ფლეიმეიქერის წასვლის შემდეგ კი 1-ელი იყო მარსელო ესპინა, მაგრამ ძალიან მცირე ხნით.
1990-იანი წლების მეორე ნახევარში "ალბისელესტეში" ათიანით მეკარეც კი თამაშობდა. ეს მოხდა 1997-ის კოპა ამერიკაზე, სადაც ეს ნომერი ნაჩო გონსალესმა მოირგო. მიზეზი: "სელესიონში" რიცხვები ანბანის მიხედვით დარიგდა. ამის შემდეგ კი იწყება "მარადონას აჩრდილების" ერა: მარსელო გალიარდო, არიელ ორტეგა, ანდრეს დ'ალესანდრო, პაბლო აიმარი, ხუან რომან რიკელმე.

ვილიარეალის ლეგენდარული ნახევარმცველის არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ათიანი გადმოიბარა "ლა პულგამ" და როგორც დრომ აჩვენა, ძალიან დიდი ხნით. მუნდიალის მოგება, ასევე რეკორდები და მიღწევები, რომლებსაც დამხობა არ უწერია...ეს ყველაფერი "ალბისელესტეს" უკანასკნელ და ყველაზე დიდ მე-10 ნომერს უკავშირდება.
ბოლოს კი ვახსენოთ ის ფეხბურთელებიც, ვინც "სელესიონის" ათიანები იყვნენ მესის არყოფნაში - სერხიო აგუერო, ევერ ბანეგა, ხავიერ პასტორე, ანხელ დი მარია, ანხელ კორეა, პაულო დიბალა, უკანასკნელი კი ფრანკო მასტანტუონო. როგორც აღვნიშნეთ, შემდეგი არგენტინის ეროვნულ გუნდში პასი იქნება.















