მილანში მორიგი მასშტაბური რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, სპორტულმა დირექტორმა და მთავარმა სკაუტმა დატოვეს. დიახ, "როსონერი“ ცხელი ზაფხულის მოლოდინშია — იტალიური პრესა კი ბოლო საათებში მხოლოდ ლომბარდიულ გრანდზე წერს.

კლუბი პირველ რიგში ახალი სპორტული დირექტორის შერჩევას გეგმავს და, როგორც ცნობილი ხდება, ამ პოზიციაზე ფაბიო პარატიჩის კანდიდატურა სერიოზულად განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში სხვა დირექტორებიც არიან, რომლებზეც უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ასევე განიხილება კლუბში ადრიანო გალიანის დაბრუნებაც — მას ბორდის წევრობას სთავაზობენ.

რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, კანდიდატთა სია საკმაოდ ვრცელია, თუმცა დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მილანური გრანდის წარმომადგენლები ანდონი ირაოლას აგენტს უკვე დაუკავშირდნენ — მხარეებმა პოტენციური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეგახსენებთ, ბასკმა სპეციალისტმა ბორნმუთი უკვე დატოვა და ამჟამად თავისუფალია. ასევე განიხილებიან ჩავისა და მარკო სილვას კანდიდატურებიც, თუმცა სია საკმაოდ გრძელია და უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
მილანის მფლობელ ჯერი კარდინალეს სურვილია, რომ კლუბის მენეჯმენტი ივნისის ბოლომდე დაკომპლექტდეს, რის შემდეგაც ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესიც აქტიურ ფაზაში გადავა.












