NBA-ის ახალი სეზონის დაწყების წინ, კალათბურთელებმა მედიასთან საინტერესო კომენტარები გააკეთეს.
მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილიც ესაუბრა.
"თავს ჩინებულად ვგრძნობ, ძალიან მოტივირებული ვარ და ვხვდები, რომ მოდუნების დრო ნამდვილად არ არის. თუ ჩათვლი, რომ ამ ლიგაში ყველაფერი შენთვის კომფორტულად მიდის, სწორედ მაშინ იწყება ვარდნა. თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მართალია, სოლიდური 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ვარჯიშზე, ყველა მატჩში თუ მთელი სეზონის განმავლობაში რაღაცის დამტკიცება მუდმივად მომიწევს. უბრალოდ, მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. მსურს ბევრი თამაში მოვიგოთ, რაღაც დიდის ნაწილი გავხდე და კარიერაში მნიშვნელოვანი წარმატებები მივაღწიო.
ვფიქრობ, ლეიკერსს მეტი უნივერსალურობის შესაძლებლობას მივცემ, გუნდს მეტოქის დაცვის გაწელვაში დავეხმარები და შემაკავშირებელი რგოლის როლსაც შევასრულებ. ვეცდები, თამაშში სწრაფად ჩავერთო, პასი დროულად გავცე და მატჩს გარკვეული მუხტი შევმატო. როდესაც დაცვით ფუნქციებს შევასრულებთ, კარგი იქნება, თუ ტემპს ავაჩქარებთ, სწრაფად გადავერთვებით შეტევაში და უფრო აგრესიულად ვითამაშებთ. იმედი მაქვს, რომ სამქულიანების მხრივაც კარგი მაჩვენებელი გვექნება.

ზოგადად, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ უკვე ლეიკერსის მაისურს ვიცვამ. ამ წარმატებისთვის ბევრი ვიბრძოლე. ადრეც მითქვამს, რომ ჩემი საკალათბურთო შეხედულებების ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა კობი ბრაიანტმა მოახდინა. მას ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი. კობის ყველა ინტერვიუს ვეცნობოდი, მის ვიდეოებს ვუყურებდი და ვცდილობდი, მისი მენტალიტეტი გამეთავისებინა. ბრაიანტისთვის ხომ გეგმა B უბრალოდ არ არსებობდა, მისთვის მხოლოდ გეგმა A იყო.“











