საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებას იწყებს, ჩვენი ნაკრები ორ საშინაო მატჩს ჩრდ.ირლანდიისა და უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, ოქტომბერში კი სტუმრად უნგრეთსა და ჩრდ.ირლანდიას დაუპირისპირდება.
ამ მნიშვნელოვანი მატჩების წინ პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამართა.
კვარას ოქროს ბურთზე
"ხვიჩა ოქროს ბურთის ფავორიტი ხდება, კეინთან და მბაპესთან ერთად. ოქროს ბურთის ტოპ 3 ჩემთვის ასეთია. იმედია, ხვიჩა მოიგებს.ყოველთვის, როცა ხმის მიცემის უფლება მქონდა, ხმას სულ ხვიჩა ვაძლევდი ხოლმე, მაშინაც კი, იმსახურებდა თუ არა ამას იმ კონკრეტულ წელს."
ერთა ლიგის ახალ ფორმატზე
"მომზადების მხრივ, ახალი ფორმატი ჩვენთვის ბევრ რამეს შეცვლის. მსგავსი ცვლილებები ხელს უფრო დიდ ნაკრებებს შეუწყობს, რადგან მათ კარგი ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ. ჩვენნაირი ნაკრებებისთვის კი ეს პრობლემა იქნება, რადგან მცირე რესურსი გვაქვს. თამაშებს შორის მოსამზადებლად ნაკლები დრო გვექნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ."
მცირე სათამაშო დრო ქართველ ლეგიონერებს
"სეზონის სტარტზე ბევრ ფეხბურთელს პრობლემა შეექმნა, ზოგი ტრავმირებული იყო, ზოგი ტრავმიდან ახლა დაბრუნდა და სხვადასხვა მიზეზების გამო არ თამაშობს, ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში ჩვენთვის დიდი სირთულეა. მაგალითად, კიტეიშვილის სრულფასოვნად ჩანაცვლება ჩვენთვის რთულია, ჩაკვეტაძეს სათამაშო პრაქტიკა აკლია და იმედი ვიქონიოთ, ნაკრების სიყვარული გამოიწვევს იმას, რომ მათი ეს პრობლემები უკანა პლანზე გადაიწევს და თავს სათანადოდ წარმოაჩენენ."
დებიუტანტ ოთო მამაგეიშვილზე
"მამაგეიშვილი ნაკრებში გამოძახების კანდიდატი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო. პორტუგალიაში ის ბევრ სირთულეს წააწყდა, თუმცა ახალ გუნდში გადავიდა და კარგად თამაშობს. ნიკა გაგნიძის ტრავმის ფონზე, გადავწყვიტეთ, რომ მისთვის ეს იდეალური დრო იყო ნაკრებში გამოძახებისთვის. იმედია, ტყუპი ძმების ერთმანეთისგან გარჩევის პრობლემა არ მექნება."
იეგოიანის პოზიციაზე
"იეგოიანმა კლუბში პოზიცია შეიცვალა, თუმცა მისი თამაშის ხარისხი არ შეცვლილა. მან გამოცდილება უკვე ორ სხვადასხვა პოზიციაზე მოიპოვა, რაც ჩვენთვის უფრო კარგია, რადგან ნაკრები მისი მრავალფეროვენებით ისარგებლებს. ის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს."
ვინ ჩაანაცვლებს აზაროვს?
"ტექნიკურ პერსონალთან სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ, თუ ვინ ჩაანაცვლებდა აზაროვს. იყო განხილვა ნარიმანიძეზე, ლოჩოშვილის მარცხნივ გადაწევაზე, ლევან შენგელიაზე, გიორბელიძეზე, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ნაკრებში საბა ხარებაშვილი გამოვიძახოთ."
ტაქტიკურ ცვლილებებზე
"ახლა ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, 4 თამაში გვაქვს და 27 განსხვავებული პროფილის ფეხბურთელი გვყავს. პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ჩვენთვის კარგი იქნება, რომ შესარჩევი ციკლი პოზიტიურად დავიწყოთ. ამხანაგურ მატჩებში გარკვეული ცვლილებები ტაქტიკაში უკვე შევიტანეთ და სირთულეებთან ერთად, დადებითი მხარეებიც იყო. როგორც ვთქვი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირველი მატჩის მოგება იქნება"
მიზანი ერთა ლიგაზე
"ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფის მოგებაა. გვსურს A ლიგაში აღზევება, D ლიგიდან დავიწყეთ, პროგრესი განვიცადეთ და დღეს B ლიგაში ვართ. გვსურს, შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და ელიტაში ვითამაშოთ. თანაბრად ძლიერი ჯგუფია და ჩვენს მეტოქეებსაც იგივე მიზანი აქვს, რაც ჩვენ, ამიტომ საინტერესო თამაშები გველის"
გიორგი კვერნაძის პროგრესზე
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვერნაძე ასე წარმატებულად თამაშობს და სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია. მის გუნდში სტაბილურობა შენარჩუნდა და ამან გიორგის პროგრესს ხელი შეუწყო. ვეცდებით, მას ბევრი სათამაშო დრო მივცეთ, რადგან კარგად იცით, რომ 3-5-2 სისტემაში ყველას ადგილი ვერ მოიძებნება, თუმცა ველა თამაშის ერთი და იგივე ტაქტიკით თამაშს არ ვაპირებთ, ამიტომ ვეცდებით, კვერნაძე მაქსიმალურად გამოვიყენოთ"












