გასული უიქენდი ქართველი ლეგიონერებისთვის შედეგიანი გამოდგა. ჯამში ქართველმა ფეხბურთელებმა 8 გოლი გაიტანეს, იყო საგოლე გადაცემები და მშრალი მატჩებიც.
ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი შტურმი ლანცს დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა. მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მორიგი გოლი გაიტანა MLS-ში მოთამაშე საბა ლობჟანიძემ, რომლის ატლანტა ფილადელფიას ესტუმრა და 1:1 ითამაშა. ლობჟანიძემ ამ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა და გუნდი მარცხს გადაარჩინა.
უხვგოლიან და დრამატულ მატჩში კიოლნი კარლსრუეს დაუპირისპირდა და 4:4 ითამაშა. თუ აქამდე ბუდუ ზივზივაძე ყოველ კვირა გოლებით გვანებივრებდა, ამჯერად მან საგოლე გადაცემა მიითვალა. საგოლე გადაცემით გამოირჩა ზურიკო დავითაშვილიც, რომლის სტ.ეტიენმა ნანტთან შეხვედრა 2:2 დაასრულა.
ტირასპოლის შერიფში ახლად გადასულმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა. შერიფმა დაჩიას 1:3 მოუგო და სამივე გოლი მამუჩაშვილის ანგარიშზეა.
ლა ლიგა 2-ში ლევანტემ ალმერია 4:2 დაამარცხა და გათამაშების ლიდერი გახდა. ლევანტეს ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვაფლა.
ლევან შენგელიამ საბერძნეთში მორიგი ასისტი გააკეთა, ახალგაზრდა საბა გოგლიჩიძე სერია ა-ში კვლავ დამაჯერებელია. ემპოლიმ ფიორენტინასთან უგუოლო ფრე ითამაშა. გოგლიჩიძის მსგავსად, კარის მშრალად შენახვაში წვლილი ლაშა დვალმაც შეიტანა. მისი აპოელი ომონიას უგოლოდ დაუზავდა.
ლა ლიგა 2-ში გამორჩეული ქართველი მხოლოდ ქოჩორა არ ყოფილა. ბურგოსისა და გრანადას მატჩი 2:2 დასრულდა. წიტაიშვილმა გრანადას მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
და ბოლოს... ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა და კონტეს იმედებს ამართლებს. კვარას ნაპოლიმ მონცა 2:0 დაამარცხა. ნაპოლი სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია.