"აძურის" ლეგენდის წასვლის შემდეგ კლუბის ისტორიაში არაერთი გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ის შვიდი წელი ვერავინ და ვერაფერმა დაჩრდილა. რაც შეეხება "ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" პრეზენტაციას, ის საღამო თითქოს არც დასრულებულა, დაუსრულებლად გრძელდება. მან მიმართა პუბლიკას, ბურთი ააგდო 8-ჯერ და ხელები ცაში ასწია, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.
ლეგენდარული ათიანის "ლურჯებში" გადმოსვლა ოდისევსის სახლში დაბრუნებას ჰგავდა, თუმცა ჰომეროსის პერსონაჟების ნაცვლად, იყო ბარსელონა, სადაც ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ მოქმედებდა. მარადონამ სან-პაოლოზე ის სიყვარული მიიღო, რომელიც მას კატალონიაში არ მიუღია. კლუბის ქომაგები კი შეხვდნენ საკულტო მოთამაშეს, რომელიც ნაპოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩა.

ორ უცხოელზე მეტი იტალიურ გუნდში ვერ ითამაშებდა და ამ მხრივ სერია ა-ს ტოპ გუნდები უკვე დაკომპლექტებულები იყვნენ. საბოლოოდ, ყველას "პარტენოპეიმ" აჯობა, რომელმაც ლეგიონერებზე გათვლილი ვაკანტური ადგილიც შეავსო და "ბლაუგრანას" პრეზიდენტის ფინანსური მოთხოვნაც დააკმაყოფილა.
რა მოხდა შემდეგ, ეს უკვე ზღაპარია. სან-პაულოს ბინადრების შემტევმა ოთხი წლის შუალედში სკუდეტო თავის გუნდს ორჯერ მოაგებინა. დანარჩენი სამყაროსთვის თუ ის "ფეხბურთის უგვირგვინო მეფეა", ნეაპოლში მან ფეხბურთის ღმერთის სტატუსი მოიპოვა, თანაც მარადიულად. მართალია, არც იტალიურ კარიერას ჩაუვლია სირთულეების გარეშე, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...






















