პრემიერ ლიგამ 2024 წელი საკმაოდ დიდი სენსაციით გააცილა — იფსვიჩმა ჩელსი 2-0 დაამარცხა! მე-19 ტურში ენცო მარესკას გუნდი პორტმენ როუდს ესტუმრა, სადაც აშკარა ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, თუმცა მასპინძლებმა ლონდონელებს არაფერი დაუთმეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.
იფსვიჩიდან თავის გამოჩენა ლაიამ დელაპმა და ომარი ჰაჩინსონმა მოახერხეს. სტუმარმა გუნდმა 90 წუთის განმავლობაში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ენცო მარესკას ბიჭებმა კრისტიან ვალტონის ვერაფერი მოუხერხეს.
ჩელსი ზედიზედ 3 მატჩია ვერ იგებს. ამ შეხვედრის შემდეგ ლონდონელები 35 ქულით, მე-4 პოზიციაზე დარჩნენ, ხოლო რაც შეეხება კირან მაკკენას გუნდს, იფსვიჩმა 15 ქულას მოუყარა თავი, რითაც მე-18 პოზიციამდე აღზევდა.