დღესდღეობით, საქართველოს ნაკრებში დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი უამრავი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც უკვე ევროპის ტოპ ჩემპიონატებშიც ასპარეზობენ.
მოდის ახალი თაობაც - მაგალითად, 17 ვახტანგ სალიას მომავალი პრემიერ ლიგის გრანდს დაუკავშირეს. არის კიდევ ერთი ტალანტი, რომელიც ნელ-ნელა ქართული ფეხბურთის რადარზე ჩნდება.
17 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანი 4 წლიდან ფეხბურთს თამაშობს, 13 წლიდან დინამოს აკადემიაში ირიცხება და ბოლო 2 თვეში რამდენჯერმე მოგვევლინა მატჩის გმირად.
"დინამოს აკადემიაში ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე. მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის მაისურით ვთამაშობ, რადგან აქ უამრავ დიდ ფეხბურთელს უთამაშია. შეიძლება ახლა გუნდს კარგი პერიოდი არ უდგს, თუმცა დადგება დრო, როცა დინამო კვლავ გაიბრწყინებს"
ჩიქოვანი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიცაა. მიუხედავად იმისა, რომ დინამომ დარასელიას სახელობის თასი ვერ მოიგო, თავის გუნდში და მთლიანად ტურნირზე ჩიქოვანი გამორჩეული იყო.
"დარასელიას თასი კარგი ტურნირია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინოს. მაქსიმუმი გავაკეთე, გოლები გავიტანე და ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ნახევარფინალიდან ასპარეზობას გამოვეთიშეთ. კვარა, ზურიკო, მამარდა - ამ ფეხბურთელების კარიერა დარასელიას თასიდან დაიწყო. ეს ვიცოდი და ჩემთვის ორმაგი მოტივაცია იყო, რათა თავი მათსავით კარგად წარმომეჩინა".
დარასელიას თასიდან რამდენიმე კვირაში, დინამოს ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ბუდუჩნოსტს შინ დაუპირისპირდა და ანგარიში 2:2 იყო, როცა მოედანზე ჩიქოვანი შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
"საოცარი ემოციაა, როცა მოედანზე შეცვლიდან შედიხარ, შენს გუნდს გოლი სჭირდება და გამარჯვების გოლს ბოლო წუთზე იტან. წინ განმეორებითი მატჩი გველის, რომელიც ასევე რთული იქნება, თუმცა ვფიქრობ, დინამოს ამ ეტაპის გადალახვა შეუძლია. სანამ მოედანზე შევიდოდი, მწვრთნელმა მითხრა, რომ ერთი-ერთზე ნებისმიერი მეტოქის მოტყუება შემეძლო და თუ ამას გავაკეთებდი, გოლსაც გავიტანდი. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა" - განაცხადა ჩიქოვანმა LaGazzetta.ge-სთან.
გასაკვირი არაა, რომ ჩიქოვანის საყვარელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რადგან თუ 17 წლის გარემარბის თამაშს უყურებთ, სათამაშო სტილით თვალწინ მაშინვე კვარაცხელია დაგიდგებათ.
"ხვიჩა კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. მის თამაშებს ხშირად ვუყურებ და ვცდილობ, მაგალითი ავიღო. კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები ძალიან მომწონს. ზოგადად კი ბავშვობიდან კრიშტიანო რონალდუს დიდი გულშემატკივარი ვარ. ფეხბურთი მან შემაყვარა. რონალდუს შრომა და დისციპლინა ჩემითვის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას."
ჩიქოვანი ამჟამად დინამო თბილისი 2-ში თამაშობს და ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს, თუმცა ინტერვიუს ბოლოს ჩიქოვანი გვპირდება, რომ პროგრესს არ შეწყვეტს და უმაღლეს მწვერვალებზე ავა:
"ჩემი მთავარი მიზანი დინამოს მთავარ გუნდში თამაშია, შემდეგ კი კარიერის კიდევ განვითარება და ტოპ ევროპულ კლუბში თამაში მსურს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშებს სულ ვუყურებ და მომავალში მსურს ამ ნაკრების წევრი გავხდე. ისინი დიდ მოტივაციას მაძლევენ."
მიმდინარე სეზონში ჩიქოვანმა დინამო 2-ის რიგებში 7 შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს დინამო 2 ოქტომბერს, ბუდუჩნოსტის წინააღდმდეგ მონტენეგროში გამართავს.