კევინ დე ბრუინი ნაპოლის ოფიციალურად შეუერთდა. ის არის რიგით მეშვიდე ბელგიელი ლეგიონერი იტალიური გუნდის ისტორიაში. "წითელ ეშმაკებს" შორის პირველები "პარტენოპეიში" იყვნენ განაპირა მცველი ბერტრან კრასონი და გოლკიპერი ოლივიე რენარი, მაგრამ მათი კარიერა სამხრეთულ კლუბში წარუმატებელი გამოდგა.
რაც შეეხებათ მოქმედ ფეხბურთელებს, "აძურიში" დამკვიდრების მცდელობა ჰქონდა ლეანდერ დენდონკერს, სირილ ნგონგე კი ახლაც სამხრეთული კლუბის საკუთრება არის. მივადექით ბენილუქსელთა ოქროს თაობის დიდ სამეულს და პირველი აუცილებლად უნდა ვახსენოთ დრის მერტენსი, რომელიც ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ბელგიელმა თავდამსხმელმა "პარტენოპეიში" გაიტანა 148 გოლი, რითაც ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან დიეგო მარადონა, მარეკ ჰამშიკი, ედინსონ კავანი და სხვები. გალათასარაის ფორვარდის შემდეგ, ვახსენოთ "აძურის" ამჟამინდელი ვარსკვლავიც, რომელუ ლუკაკუ, რომელმაც გასულ სეზონში სკუდეტოს მოგებაში დიდი როლი ითამაშა.
ბოლოს კი ისევ მანჩესტერ სიტის ყოფილ ბელგიელ კაპიტანს მივუბრუნდეთ. ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დიეგო მარადონას ბინადრებთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ანტონიო კონტეს გუნდის ახალწვეულ ფლეიმეიქერს ჰქონდა შემოთავაზებები ამერიკიდან და არაბეთიდან, მაგრამ მან კალჩო აირჩია.
იტალიელი მწვრთნელის ნაპოლიში დარჩენა ბევრის მანიშნებელი არის. საჩემპიონო გუნდი არ დაიშლება, პირიქით, ის ტიტულის შენარჩუნებას ეცდება. სანამ ინტერი, იუვენტუსი, მილანი და სხვები ცდილობენ გადატვირთვას, "პარტენოპეი" 33-წლის ფლეიმეიქერთან ერთად, ახალ საფეხურზე ადის.











