საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუკა ლოჩოშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა
Lagazzetta.ge-სთან მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.
ლუკა ლოჩოშვილი: "მოსამზადებელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ავსტრიის შეკრება ნაყოფიერი გამოდგა, გერმანიაში კი უკვე ის ატმოსფერო იგრძნობა, რაც ევროპის ჩემპიონატს ახლავს თან. მაქსიმალურად კარგად ვემზადებით და პირველ თამაშს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ. ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი სინქრონი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ევროპის ჩემპიონატს შეეფერება, ზუსტად ისეთი განწობით ვართ.
თურქეთი ბოლო წლებში კარგი ნაკრებია. მათაც კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ და ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იქნება და შეგვიძლია, რომ მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ."
ზურიკო დავითაშვილი: "ამ ჯგუფში ჩემთვის ფავორიტი მხოლოდ პორტუგალიაა, დანარჩენ 3 ნაკრებს ერთნაირი შანსები გვაქვს. ვიცი, რომ თურქებს ბევრი გულშემატკივარი ეყოლებათ, მაგრამ ქართველებიც არანაკლები იქნებიან და თავს ისე არ ვიგრძნობთ, თითქოს სტუმრად ვართ. წინა ვარჯიშები ჩვენს ტაქტიკაზე და ფიზიკაზე მომზადებას დაეთმო, ახლა კი თურქეთის განხილვაზე გადავალთ და ვეცდებით, მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ".