მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავდამსხმელი, ლუი საა მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუსგან პერსპექტიული მწვრთნელი დადგებოდა. შეგახსენებთ, პორტუგალიელი და ფრანგი ფორვარდები 2004-2008 წლებში "წითელ ეშმაკებში" ერთად თამაშობდნენ.
"რონალდუს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ პერსპექტიული მწვრთნელი გახდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის თავის საქმეს წარმატებულად შეასრულებს. ზიდანის ავტორიტეტითა და სიმეონეს ფეხბურთისადმი ვნებით, კრიშტიანუს სახით ნამდვილად გამორჩეულ სპეციალისტს მივიღებთ. პორტუგალიელ ფორვარდს ფეხბურთთან დაკავშირებით უსაზღვრო ცოდნა აქვს.
წარმოიდგინეთ მწვრთნელი, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა ფერგიუსონის, ანჩელოტისა და მოურინიოს ხელმძღვანელობით. შეუძლებელია, რომ მათთან მუშაობის შემდეგ, საკუთარი ხედვაც არ ჩამოგიყალიბდეს", - განაცხადა "მანკუნიანელთა" ყოფილმა ფორვარდმა.