ლიგა 1-ის გამარჯვებული პსჟ, ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. ლუის ენრიკე გუნდში რჩება, თუმცა ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს პარიზულ გუნდს ზაფხულში. რაც შეეხება ახალ ტრანსფერებს, ლუიშ კამპუშის გუნდმა, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.
პირველი ტრანსფერი უკვე მზადაა: მატვეი საფონოვი კრასნოდარიდან კარიერას პარიზულ კლუბში გააგრძელებს, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა. რუსული კლუბი ამ გარიგებით €20 მილიონს მიიღებს, 25 წლის ფეხბურთელი კი პსჟ-სთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.
საფონოვის ტრანსფერი ჯანლუიჯი დონარუმას შესაძლო გაყიდვას არ ნიშნავს. პარიზული გუნდი მეორე მეკარეს ეძებდა, რომელიც კეილორ ნავასს შეცვლიდა, არჩევანი კი რუს მეკარეზე შეჩერდა.
მატვეი კრასნოდარის აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის მაისურით, ჯამში 175 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. საფონოვი რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრიც არის.