ლა ლიგაში ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონობისთვის ებრძოდნენ და მთავარი ინტრიგაც სწორედ ეს იყო.
ამის ფონზე, პირველ ნახევარში კატალონიელებმა აქტიურად ითამაშეს, წინაც გავიდნენ, თუმცა რეალმა ანგარიში მაინც გაათანაბრა.
ტაიმის მიწურულს, საკამათო ეპიზოდი იყო, როცა ლუნინმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ლა ლიგაში კარის ხაზის ტექნოლოგია დანერგილი არ არის, ამიტომ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რეალურად ეს გოლი იყო თუ არა.
"ლა ლიგა იქნება ერთადერთი ტოპ ლიგა, სადაც კარის ხაზის ტექნოლოგია არ იქნება დანერგილი. ამ ცვლილებას ვეწინააღმდეგებით, თან საკმაოდ ძვირი ჯდება", - განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, გასულ წელს.
როგორც ჩანს, კარის ხაზის ტექნოლოგია ლა ლიგაშიც საჭირო ყოფილა, თან სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში.
მთავარ მსაჯს ეპიზოდის ვიდეო რეფერიზე გადამოწმება მოუწია, სადაც იდეალური რაკურსით არაფერი ჩანდა და საბოლოოდ, გოლი არ ჩაითვალა.
რეალმა ბარსელონა ბელინგემის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ბურთით, 3:2 დაამარცხა.