რთულად წარმოსადგენი იყო, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონის ტიტულს აწევდნენ არა მერსისაიდელები, არამედ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები. "წითლების" ანგარიშზე იყო ზედიზედ 11 მოგება, ლუის სუარესისა და დანიელ სტარიჯის დუეტმა პრემიერ ლიგის ერთ სეზონში გაიტანა 52 ბურთი, მაგრამ ჩემპიონი მაინც სხვა გუნდი გახდა.

ერთი სიტყვით, ენფილდელებს საშინლად არ გაუმართლათ. დავბრუნდეთ აწმყოში, რა ხდება ამჯერად, უკვე 2024 წლის აპრილში? კიდევ ერთი იმედგაცრუება, მაგრამ ახლა სხვა კატეგორიის. თუ 10 წლის წინ განცდილი ფიასკო შემთხვევითობა და უიღბლობა იყო, დღეს, იურგენ კლოპის გუნდის საჩემპიონო რბოლიდან ამოვარდნა სრული კანონზომიერებაა.
კატასტროფულად ჩატარებულმა აპრილმა დაასამარა ყველანაირი შანსი იმისა, რომ ლივერპულისა და გერმანელი მწვრთნელის ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონოდა. მერსისაიდელები განადგურდნენ ბერგამოს ატალანტასთან და გამოვარდნენ ევროპა ლიგიდან, პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში კი მათ ანგარიშზე მხოლოდ 2 მოგებაა.

"წითლების" კაპიტანი, ვირჯილ ვან დეიკი, თავისი გუნდის ჩავარდნას აღწერს ასე:
მერსისაიდელთა კაპიტანი მართალია, ეს არის კომპლექსური პრობლემა და უპირველესი ფაქტორი გადაღლილობა არის. მიმდინარე სეზონში, ამ დროისთვის მისმა გუნდამა ჩაატარა 54 მატჩი (ევროპის ტოპ 5 ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი). ამასთან ერთად, "წითლებს" თამაშიდან თამაშამდე მოსამზადებლად სხვებზე ნაკლები დრო ჰქონდათ.

თავისუფალი დრო რომ ავიღოთ და საშუალო სტატისტიკურ მონაცემებად რომ გავყოთ, მივიღებთ ასეთ შედეგს - ენფილდელთა თამაშებს შორის შუალედი არის 116 საათი, მაშინ როდესაც იგივე "ქალაქელებს" აქვთ 121 საათი, ლონდონის არსენალს კი 134 საათი. კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი: პრემიერ ლიგის მატჩების განრიგი.
იურგენს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ მის გუნდს ძალიან ხშირად უწევდა თამაში შაბათს, შუა კვირაში ევროთასებზე ან ქვეყნის თასზე ჩატარებული მატჩის შემდეგ. მივადექით უმნიშვნელოვანესს და ალბათ ყველაზე პრობლემურ საკითხს: ლივერპულის მოთამაშეების ხშირი ტრავმიანობა.

შევადაროთ კონკურენტებს - მერსისაიდელმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა დაზიანებების გამო საერთო ჯამში ლაზარეთში გაატარეს 1252 დღე, "მეთოფეებმა" - 882, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა კი 654. ტრავმიანობა დიდ დარტყმას აყენებს "წითლების" განკარგულებაში მყოფი ჯანმრთელი შემსრულებლების თამაშის ხარისხს, რადგან მათ პრაქტიკულად როტაციის გარეშე უწევთ მოედანზე გასვლა.
ფეხბურთელების ფიზიკური მზადყოფნა ხომ პირდაპირ კავშირშია ენფილდელების თამაშის სტილთან. დიახ, ეს პრობლემა სხვა ნებისმიერ გუნდშიც იქნებოდა დამღუპველი, მაგრამ კლოპის გუნდი მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია წავიკითხოთ გერმანელი სპეციალისტის კომენტარი:
"ჩვენ ვუტევთ ყველგან და ყოველთვის, გაუჩერებლად. როდესაც ვართ ბურთის გარეშე, მაშინაც კი ვუტევთ მოწინააღმდეგეს, ამ შემთხვევაში პრესინგით. ბურთის მოპოვების მომენტიდან კი გოლის გატანაზე ვფიქრობთ", - ასეთია ლივერპულის თამაშის იდეოლოგია, რომლის პრაქტიკაში განხორციელება არის შეუძლებელი, როდესაც შენს განკარგულებაში გადაღლილი და ტრავმირებული შემსრულებლები არიან.

ბოლოს კი ყველაზე მტკივნეული ფაქტორი - მომენტების საშინელი რეალიზაცია. არ ღირს ყველაფერში დარვინ ნუნიესის დადანაშაულება, თუმცა ფაქტია, ევროპის ტოპ 5 ლიგაში მომენტების გამოყენების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ მას აქვს. ურუგვაელი ფორვარდი მომენტების მხოლოდ 19.4%-ს გარდაქმნის გოლად.
როდესაც ვსაუბრობთ მერსისაიდელთა შედეგიანობაზე, პირველ რიგში, გვახსენდება მოჰამედ სალაჰი, რომელმაც ინგლისში გადმოსვლის შემდეგ, 210 გოლი გაიტანა. ეგვიპტელი ფორვარდი წელსაც ეფექტურია: 41 მატჩში 24 ბურთის გატანა ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, უბრალოდ, მის თამაშში ზემოაღნიშნული გადაღლილობა შეინიშნება.

"წითლების" ლიდერი კლოპის წასვლით გამოწვეულ დემოტივაციასაც განიცდის. ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანელი სპეციალისტის მსგავსად, ენფილდს 31 წლის ფორვარდიც დატოვებს. გუნდის ქომაგებისთვის 2024 წლის აპრილის ბოლო უსიამოვნო მოგონებად იურგენისა და "ფარაონის" კონფლიქტი დარჩება.
მაშინ, როდესაც ვესტ ჰემმა გაათანაბრა ანგარიში, მოედანზე გამოსასვლელად ემზადებოდა კლოპის გუნდის მეთერთმეტე ნომერი, თუმცა ცვლილების განხორციელების მომენტში მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გერმანელ სპეციალისტსა და სალაჰს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

პირველი - ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოთელვას მოანდომა იმდენი დრო, რომ ლონდონელებმა მოასწრეს ანგარიშის გათანაბრება, რაზეც იურგენი განრისხდა. ეს ვერსია ჯეიმი კარაგერმაც გამოთქვა. მეორე - ლივერპულის დამრიგებელსა და მოს შორის განხეთქილება მოხდა ჯერ კიდევ "ჩაქუჩებთან" მატჩის დაწყების წინ, როდესაც მოთამაშემ გაიგო, რომ ის სკამზე დარჩებოდა.
მესამე - 56 წლის მწვრთნელი გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ მოედანზე გამოსვლის წინ, მერსისაიდელთა ლიდერი ხუმრობდა "ლურჯ-წითლების" თავკაცთან, დევიდ მოიესთან, მაშინ, როდესაც მის გუნდს უჭირდა. მატჩის დასრულების შემდეგ, 31 წლის ფორვარდმა განაცხადა: "კომენტარი რომ გავაკეთო, ხანძარი გაჩნდება".
რაც შეეხება კლოპს, მან სცადა მდგომარეობის განმუხტვა - "ამ საკითხზე გასახდელში უკვე ვისაუბრეთ. თემა დახურულია". ეს კონფლიქტი ნათლად ასახავს, თუ რა მძიმე მდგომარეობაა "წითლებში" ახლა. სამწუხაროა, რომ გერმანელი სპეციალისტის თავის გუნდთან განშორება ასეთი უსიამოვნო მოვლენების თანხლებით ხდება.











