ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი, ტრავმის გამო, თურქეთთან მატჩს გამოტოვებს.
რა თქმა უნდა, კიტეიშვილი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა და ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა - შტურმთან ერთად ავსტრიის ჩემპიონი გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
საინტერესოა, რას მოიფიქრებს სანიოლი და ვინ შეცვლის კიტეიშვილს თურქეთთან შეხვედრაში.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, მას ყველა თავისი მოთამაშის სჯერა და დარწმუნებულია, რომ კიტეს დანაკლისს სხვა ფეხბურთელი შეავსებს.
ვინ იქნება ეს სხვა ფეხბურთელი? - კიტეიშვლის პოზიციაზე ამჟამად ნაკრებში გაბრიელ სიგუა, სანდრო ალთუნაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ნიკა კვეკვესკირი არიან გამოძახებული.
სანიოლის ხედვებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში ადგილს სწორედ კვეკვესკირი დაიკავებს, რომელსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და შეუძლია პასების იდეალურად განაწილება. ამ შემთხვევაში, მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილის როლი ორმაგად გაიზრდება და ფაქტობრივად, კიტეს როლის შეთავსებაც მოუწევს.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ შედარებით უკნიდან ითამაშოს, თუმცა ზედმეტად შემტევი შემადგენლობის დაყენება ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, სარისკოა.
სანიოლმა ისიც თქვა, რომ წელის ტკივილების შემდეგ, საბა კვერკველია თურქეთთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.