ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნაპოლის დატოვებს — ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამის შესახებ უკვე გაცნობეთ კიდევაც. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევაზე აქტიურად მუშაობს და კანდიდატთა სიაც უკვე გამოიკვეთა. მთავარი ფავორიტი ამ ეტაპზე მაურიციო სარია, რომელიც ნეაპოლურ კლუბში დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. თუმცა, ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის წაყვანას ატალანტაც ცდილობს.
დე ლაურენტისი სხვა ვარიანტებსაც აქტიურად განიხილავს და მის სიაში ვინჩენცო იტალიანო და მასიმილიანო ალეგრიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ იტალიანო ამჟამად ბოლონიაში მუშაობს, ხოლო ალეგრი მილანში, დიდი შანსია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ორივე მათგანმა კლუბები დატოვონ და ზაფხულში უგუნდოდ დარჩნენ. აურელიო დე ლაურენტისი ამ ორი მთავარი მწვრთნელის საკითხს ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ნაპოლის პრეზიდენტის გაფართოებულ სიაში კიდევ ერთი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო გროსოც არის.
საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი, თუმცა უკვე ნათელია, რომ კონტეს წასვლის შემდეგ ნეაპოლური კლუბი ახალი პროექტის დაწყებისთვის ემზადება.








