გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის ფეხბურთელი სულ რამდენიმე საათის წინ გახდა. ლევანტემ ქართველი ფეხბურთელის გარიგების დეტალებიც გვაცნობა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, პორტუგალიურმა გრანდმა €7.5 მილიონი გადაიხადა, ხოლო ქოჩორაშვილისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია.
ქართველი ნახევარმცველის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €80 მილიონი ჩაიწერება. რაც შეეხება ლევანტეს, ვალენსიურმა კლუბმა მომავალი ტრანსფერიდან 12.5% დაიტოვა.

ახლა რაც შეეხება უგო ვიანას, ადამიანს, რომელმაც გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგში ტრანსფერი დახურა. 42 წლის სპორტული დირექტორი ამჟამად სპორტინგში აღარ მუშაობს, თუმცა ამის მიუხედავად პორტუგალიელმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი მაინც დახურა. როგორც ირკვევა, უგო ვიანა გიორგი ქოჩორაშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა და გამოცდილმა მენეჯერმა, ქართველი ფეხბურთელის სახით პატარა საჩუქარი დაუტოვა ახალ სპორტულ დირექტორს.
უგო ვიანა სპორტინგში 2018 წლიდან მოყოლებული მუშაობდა. პორტუგალიელის სახელს ისეთი ტრანსფერები უკავშირდება როგორიცაა ვიქტორ გიოკერეში, მანუელ უგარტე, ზენო დებასტი, მორტენ ჰიუმლანდი და ა.შ.
უგო ვიანა ზაფხულში მანჩესტერ სიტის ახალი სპორტული დირექტორი გახდება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს, პორტუგალიელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პეპ გვარდიოლასთან ერთად იმუშავებს.