ჯანლუიჯი დონარუმა პენალტების მოგერიების დიდოსტატია. თავისი კარიერის მანძილზე მან უკვე 24 დარტყმა აიღო. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა იტალიელი გოლკიპერი მონაწილეობდა პენალტების 7 სერიაში: 6 შემთხვევაში მან მოიგო, 1 კი წააგო. მოგებულ სერიებში გვხვდება ევრო 2020-ის ფინალი და ლივერპულის დამარცხება ენფილდზე.
რაც შეეხება იმ ერთადერთ მარცხს, პარის სენ-ჟერმენის მეკარემ ბრძოლა წააგო საფრანგეთის თასის 2021/2022 წლების სეზონის მერვედფინალში, ნიცას წინააღმდეგ. ძირითადი დრო დასრულდა 0:0, 11-მეტრიანების სერიაში კი პსჟ-მ 5:6 წააგო. 26 წლის გოლკიპერმა აიღო ენდი დელორის დარტყმა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
პარიზული გუნდის პირველ ნომერზე ეფექტური აღმოჩნდა "არწივების" მეკარე, მარჩინ ბულკა, რომელმაც ლეანდრო პარედესისა და ჩავი სიმონსის დარტყმები მოიგერია. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ დონარუმას "ლურჯ-წითლებთან" კონტრაქტი ეწურება 2026 წელს და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ის საფრანგეთში.