სერია ა-ს ბოლო ტურში, სან სიროზე გამართული დაპირისპირება, სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად შეირაცხა. მილანმა შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთხელ დააქამბექა და პარმას 3-2 მოუგო. მატჩი სადაც "როსონერი" არც ისე კარგ პერფორმანსს გვთავაზობდა, თამაშის შემობრუნება კიდევ ერთხელ მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა.
ამ მატჩს კიდევ უფრო გიჟურს ისიც ხდის, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოედანზე მილანის მთავარმა მწვრთნელმა სერჟიუ კონსეისაუმ და გუნდის ყოფილმა კაპიტანმა დავიდე კალაბრიამ იჩხუბეს. მეტიც, პორტუგალიელი სპეციალისტი იმდენად გაბრაზებული იყო, გაშველება სტაფის წევრებსა და ფეხბურთელებს მოუწიათ. ჩხუბის დაწყების მიზეზი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ როგორც მატჩის შემდეგ დავიდე კალაბრიამ მედიასთან აღნიშნა, ეს ყველაფერი გარკვეული სახის უთანხმოებისა და უბრალოდ გაურკვევლობის გამო მოხდა, რის გამოც იტალიელმა როგორც მთავარ მწვრთნელს, ისე გუნდელებსაც ბოდიში მოუხადა.
"არ არის ნორმალური იმის დანახვა, რომ მწვრთნელი ასე უტევს თავის ფეხბურთელს, ყველას თვალწინ. რა თქმა უნდა, ფეხბურთში, კამათი, თუნდაც მძიმე, ხდება ხოლმე, მე პირველი ვარ, ვინც ამას ვაცნობიერებ, მაგრამ მსგავსი რაღაცები გასახდელს არ უნდა გაცდეს და კამერების წინ, ყველას დასანახად არ უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ ეს ეპიზოდი თავიდან ბოლომდე მწვრთნელის მხრიდან, ზედმეტი ნერვიულობის ნიშანია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ სირთულეებით, რაც პორტუგალიელს გუნდში დახვდა. იმედი მაქვს მხარეებმა გააცნობიერეს თუ რა მოხდა და ისინი შეთანხმებას მოახერხებენ", - განაცხადა ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ.
იხილეთ კონსეისაუსა და კალაბრიას შორის დაპირისპირების კადრები