სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ამსტერდამში, სადაც ერთმანეთს აიაქსი და მაკაბი თელ-ავივი დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც, ამსტერდამში ისრაელიდან ჩასულ გულშემატკივრებს თავს რამდენჯერმე დაესხნენ, რის გამოც ქალაქის მერიამ, პოლიციის გაძლიერებული მობილიზება მოახდინა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 57 ადამიანი.
მატჩის დაწყებამდე ქალაქის ცენტრში, უკვე იყო დაპატიმრებები და არეულობა, რომელშიც მონაწილეობას მაკაბის გულშემატკივრები და პროპალესტინელი დემონსტრანტები იღებდნენ. ასევე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაკაბის მხარდამჭერებმა ფეიერვერკების შოუ მოაწყვეს და პალესტინის დროშები ჩამოაგდეს მიმდებარე ქუჩებზე.
აიაქსი-მაკაბის მატჩის დასრულების შემდეგ, არეულობამ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. პოლიციამ როგორც განაცხადა, გაურკვეველია, ვინ მიიღო მონაწილეობა არეულობაში და ვისი დაგეგმილი იყო ეს პროვოკაცია. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, დაკავებულებს მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვათ და სახეზე ნიღბები ეკეთათ. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა არეულობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პროპალესტინელი დემონსტრანტების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მხარეებს შორის ხელჩართული ბრძოლა მაინც გაიმართა. როგორც ირკვევა, დაშავებულია ათეულობით ადამიანი.