სამეფო რბოლების მთავარი ბრენდი — ფორმულა 1-ში ყველა გზა მარანელომდე მიდის
ფერარი ფორმულა 1-ის მადრიდის რეალია და იქ გადასვლა ყველა მრბოლელის ოცნებაა. თანამედროვე ეპოქაში იტალიურმა გუნდმა არაერთ ხმაურიანი გარიგება განახორციელა და სამეფო რბოლების ვარსკვლავები გადაიბირა. ყველაზე დასამახსოვრებელი 1996 წელი გამოდგა, როდესაც მიხაელ შუმახერი ფერარიში გადავიდა და სამეფო რბოლების ისტორია სამუდამოდ შეცვალა. გერმანელ პილოტს იტალიაში გადაბარგებამდე 2-გზის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი ჰქონდა, ხოლო „წითლებში“ 2000-2004 წლებში 5-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა და ავტოსპორტის სამყაროს ისტორიაში „წითელი ბარონის" სახელით შევიდა.

2025 წლის სეზონიდან კი ფერარი უკვე 7-გზის მსოფლიო ჩემპიონის, ლუის ჰამილტონის დახმარებით შეეცდება 1950-იანი წლებიდან მოპოვებული დიდების დაბრუნებას. იტალიურ გუნდს უკვე 16 წელია კონსტრუქტორთა თასი არ მოუგია, რაც ფერარის ისტორიაში ყველაზე დიდი ჩავარდნაა. თავის მხრივ, ბრიტანელ მრბოლელსაც აქვს ბოლო მისია შესასრულებელი — მე-8 მსოფლიო ჩემპიონობა და აბსოლუტური რეკორდი. ლუისის საუკეთესოობას ლეგენდარული შუმახერი და მისი 7 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უშლის ხელს. ბრიტანელსაც და გერმანელსაც ჩემპიონობა ორი გუნდის ბოლიდით აქვთ მოპოვებული, ჰამილტონის კრიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ მის ჩემპიონობაში ლომის წვლილი მერსედესის ფანტასტიკურ ბოლიდსა და ახალ რეგულაციებს მიუძღვით. სერ ლუისი და მისი გუნდი თვლიან, რომ სხვა ეპოქაში კიდევ ერთი ჩემპიონობა და ფერარისთან მოგებული მე-8 ტიტული პირველობაზე დავას დაასრულებს. ყველაფერთან ერთად, სკუდერიას ბოლიდთან ერთად მოპოვებულ GOAT-ის სტატუსში ჰეროიზმი და რომანტიკაა.
საუკეთესო რეკორდსმენი — ლუის ჰამილტონის ისტორია ფორმულა 1-ში
ფორმულა 1-ში ჰამილტონის დებიუტი 20 წლის ასაკში, 2007 წელს შედგა და მისი პირველივე სეზონი ხმაურიანი გამოდგა. ერთი შეხედვით, ის მაკლარენში აშკარა მეორე ნომრად მივიდა, რადგან მაშინ ბრიტანული გუნდის მთავარი მრბოლელი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ფერნანდო ალონსო იყო და სეზონის სტარტზე, სწორედ ის ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. ჰამილტონმა კი ავტორიტეტებს ყურადღება არ მიაქცია და საჩემპიონო ბრძოლაში პირველივე რბოლებიდან ჩაერთო. საბოლოო ჯამში, მან სეზონი 109 ქულით და მეორე ადგილი დაასრულა, ხოლო ჩემპიონი 110 ქულით ფერარის „ყინულის კაცი“ კიმი რაიკონენი გახდა. აღნიშნული სეზონის დასრულების შემდეგ, ალონსომ მაკლარენი დატოვა, ბრიტანელი ისტორიული გუნდის მთავარი პილოტი გახდა.

2021 წლის მძიმე სეზონის შემდეგ დასრულდა მერსედესის 7-წლიანი დომინაცია და ლუის ჰამილტონი მას შემდეგ ვეღარ ახერხებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. არასტაბილური ბოლიდისა და რედ ბულის უდიდესი დომინაციის მიუხედავად, 2022-24 წლებში ბრიტანელმა მაინც შეძლო რამდენიმე გრან პრის მოგება და დღეს მის ანგარიშზე 105 გამარჯვებაა, რაც ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ ლუისი მეორე ადგილზე მყოფ შუმახერს უკვე 14 გრან პრით უსწრებს, ხოლო მესამე ადგილოსანი მაქს ვერსტაპენი მას 42-ით ჩამორჩება.
შეცდომები და არასტაბილურობა — დაუსრულებელი პრობლემები იტალიურ საჯინიბოში
რესურსებისა და ისტორიის არსებობის მიუხედავად, ფერარი უკანასკნელი ორი დეკადის განმავლობაში ვერ ახერხებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. იტალიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სტაბილურობის შენარჩუნებაა და ეს განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოჩნდა. სეზონის მიმდინარეობისას, ფერარი არასტაბილურად გამოიყურება, რაც საბოლოოდ ქულებში და ჩემპიონატის შედეგებში აისახება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით გასულ წელს გამოჩნდა, როდესაც „წითლები“ ერთ-ერთ გამორჩეულ საკვალიფიკაციო დროებს აჩვენებდნენ, თუმცა, სარბოლო ტემპში უშუალო კონკურენტებს საკმაოდ ჩამორჩებოდნენ. ლუის ჰამილტონი კი განსაკუთრებულად გამორჩეული სწორედ სარბოლო ტემპის შენარჩუნებაშია — მას მთელი რბოლის განმავლობაში შეუძლია ერთ ტემპში სიარული, რაც განსაკუთრებით ბოლო წრეებზე დიდ უპირატესობას იძლევა.

ფერარის უკანასკნელი იმედი ჰიბრიდულ ერაში — შეძლებს ჭირვეული იტალიელების მორჯულებას ბრიტანელი მრბოლელი?
რას შეცვლის ლუის ჰამილტონის მისვლა ფერარიში აღნიშნული პრობლემების გადაჭრის კუთხით? იმის გარდა, რომ ბრიტანელი პილოტი მართვის სტილით გრიდზე ერთ-ერთი გამორჩეულია, ის პრესეზონზე უშუალოდ არის ჩართული ბოლიდის განვითარებაში და სტრატეგიების შემუშავებაში. მერსედესის ინჟინრები სწორედ მისი მითითებით ქმნიდნენ ბოლიდებს, რომლებიც 6 წლის განმავლობაში უკონკურენტოები იყვნენ. ჰამილტონი ფერარიშიც აქტიურად ჩაერთო ბოლიდის განვითარებაში და ინჟინრებთან ერთად ცდილობს იდეალური პროდუქტი მიიღოს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ლუისის საბურავების შენახვის უნარი, რაც რბოლის ბოლო წრეებზე მას უდიდეს უპირატესობას აძლევს. ბრიტანელი მრბოლელი იტალიური გუნდისთვის მენტალური თვალსაზრისითაც უდიდესი ძალა იქნება — მისი ტიტულები და გამოცდილება ფერარისთვის ძველი დიდების დაბრუნებაში უმნიშვნელოვანესი იქნება.
ინსაიდერული წყაროების მიხედვით, ფერარის 2025 წლის ბოლიდი წინა სეზონთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული იქნება, განსაკუთრებით კი აეროდინამიკური დეტალების კუთხით. იტალიურმა გუნდმა წინა დაკიდების სისტემა სრულად შეცვალა და ინჟინრები იმედოვნებენ, რომ ნელ მოსახვევებში ბოლიდი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე 2024 წელს. აღსანიშნავია, რომ ფერარის გასული სეზონის ბოლიდი დაკიდების კუთხით რადიკალურად განსხვავებული იყო რედ ბულისგან და მაკლარენისგან. წელს კი ეს სხვაობა თითქმის აღარ იქნება, რაც პრეზენტაციაზეც გამოჩნდა. ინჟინრებმა ცვლილებები შეიტანეს შასის ნაწილებშიც და იმედოვნებენ, რომ დამწოლი ეფექტი გაიზრდება და ბოლიდი სამართავად უფრო ეფექტური გახდება.

ამ სეზონში, დიდი ალბათობით, მონეგასკის პრინცისა და ბრიტანელი სერის ეგოებს ჭიდილს ვიხილავთ. შარლ ლეკლერი წლების მანძილზე ფერარის იმედი და ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ, გუნდმა მის გამო ლეგენდარულ სებასტიან ფეტელზეც კი თქვა უარი. გოგონების გულთამპყრობელი და მუდამ უიღბლო ბიჭი იტალიელთა მთავარ იმედად იქცა. მას ჰქონდა სკუდერიას ქომაგებისთვის საკულტო თვისებები — მეტად სიმპათიური, ხელოვნების მოყვარული ემოციური და დრამატული ბიჭი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ცივსისხლიანი, ჩრდილოელი, სერიოზული სებასტიან ფეტელისა და კიმი რაიკონენისგან. მიუხედავად იმისა, რომ ლეკლერს ჯერ არ მიუღწევია ლეგენდარული მრბოლელების დარი წარმატებისთვის, იტალიური ბოლიდის ქომაგებს ის ძალიან უყვართ და თავისიანად თვლიან. ფერარი მონეგასკი პრინცის სამეფო გახდა და ისე ჩანდა წლების მანძილზე, რომ მის ტახტს ვერავინ შეეხებოდა, მაგრამ ახალგაზრდა პრინცის პირველობა ლუის ჰამილტონის მოსვლით მოირყა.

თავის მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი ვერ იტანს, როდესაც გუნდში გამოკვეთილი 1-2 ნომერი არ არსებობს, რისი ნათელი მაგალითია ჰამილტონისა და როსბერგის დაპირისპირება, რასაც საბოლოოდ გერმანელის მერსედესიდან წასვლა მოჰყვა. ფინური ფესვების მქონე გერმანელ მრბოლელს სულ ჰქონდა პრეტენზია, რომ ლუისის პირველობის გამო ის იჩაგრებოდა და მერსედესი არ უზრუნველყოფდა მრბოლელებს შორის თანაბარ კონკურენციას. ფორმულას “ბრიტნის” არაერთხელ გამოუხატავს პროტესტი გუნდის მიმართ, როდესაც მას ბრიტანელის სასარგებლოდ პოზიციების დათმობას სთხოვდნენ — მრბოლელების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ნასროლი კეპი და არც თუ ტკბილი სიტყვებიც კარგად ახსოვთ ფორმულა 1-ის ქომაგებს.
სამეფო რბოლების რიგით 76-ე სეზონი იწყება
2025 წლის სეზონის რბოლები, რომლებსაც ფერარისთვის და ლუის ჰამილტონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება:
• ავსტრალიის გრან პრი — სეზონის სადებიუტო რბოლას ალბერტ პარკი უმასპინძლებს და გამოიკვეთება ჩემპიონატის პირველი კონტურები. მელბურნში წარმატებული სტარტი ბრიტანელი მრბოლელისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება
• ემილია-რომანას გრან პრი — ლუის ჰამილტონის დებიუტი ფერარის სამშობლოში იმოლას ტრასაზე შედგება და პირველად იასპარეზებს იტალიელი გულშემატკივრების თვალწინ
• ბრიტანეთის გრან პრი — სილვერსტოუნის ტრასა ჰამილტონისთვის გამორჩეულია, რადგან მას ყველაზე მეტი, 9 გამარჯვება სწორედ საკუთარ სამშობლოში აქვს მოპოვებული
• იტალიის გრან პრი — ფერარი მეორე საშინაო რბოლას მონცაზე გამართავს და გულშემატკივრების მუხტის გამოყენებას შეეცდება
• აბუ დაბის გრან პრი — სეზონის კულმინაციას ტრადიციულად არაბთა გაერთიანებული საამიროები უმასპინძლებს და ვინ იცის, იქნება 2021 წლის მსგავსად, წელსაც სწორედ აქ გადაწყდეს გამარჯვებულის ბედი
წინ ახალი სეზონია, რომელიც ერთი შეხედვით დაძაბული და სანახაობრივი უნდა გამოდგეს. წელს სრულდება ჰიბრიდული ერა და უკვე 2026 წლიდან, ბოლიდები სრულად შიდა წვის ძრავს დაუბრუნდებიან. ჰიბრიდული ერის ბოლო წელს ფერარი და ლუის ჰამილტონი ძველი დიდების დაბრუნებას შეეცდებიან.







