როგორც მოგეხსენებათ,
ნეიმარ ჟუნიორი მშობლიურ სანტოსში დაბრუნდა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა გაწყვიტა კონტრაქტი ალ-ჰილალთან, "შავ-თეთრებში" გადასვლის ფასად. ბარსელონას ყოფილი ფორვარდი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი ბრაზილიის ჩემპიონატში, გავიხსენოთ სხვებიც.
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მსგავსად, მშობლიურ ვასკო და გამაში დაბრუნდა ფილიპე კოუტინიოც, რომელიც ჯერ კიდევ ბირმინგემის ასტონ ვილას საკუთრება არის. ბრაზილიელი ფლეიმეიქერი შეუერთდა 2010-იანი წლების ევროპული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავს, დიმიტრი პაიეს, რომელიც რიოში 2023 წლიდან თამაშობს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის იუვენტუსის ყოფილი კაპიტანი, დანილო და სილვა ახლოს იყო ნაპოლიში გადასვლასთან, თუმცა გარიგების ჩაშლის შემდეგ, ვეტერანი განაპირა მცველი ფლამენგოში გადავიდა. ბრაზილიის ჩემპიონატში თავი ამოყო მემფის დეპაიმაც, რომელმაც ევროპაში არაერთი ტოპ კლუბი მოიარა.
აღნიშნული სია არასრული იქნებოდა ჟივანილდო დე სოუზას, იგივე ჰალკის გარეშე, რომელიც 2021 წლიდან ატლეტიკო მინეიროში თამაშობს. ვეტერანმა ბრაზილიელმა ფორვარდმა "მამლების" შემადგენლობაში უკვე 110-ზე მეტი ბურთის გატანა მოასწრო. შემდეგი ვარსკვლავური ვეტერანი: დავიდ ლუიზი, "შავ-წითლებიდან" ფორტალეზაში ტრანსფერით.
მივადექით ჩინეთის ჩემპიონატის ისტორიაში მთავარ ლეგიონერს - ოსკარ ჟუნიორს. შანჰაიში გატარებული შვიდი წლის შემდეგ, ის მშობლიურ სან პაულოში დაბრუნდა. ლონდონის ჩელსის ყოფილი ფლეიმეიქერის თანაგუნდელი ბრაზილიურ გრანდში ლუკას მოურა არის. იქვე ახლოს, ბოტაფოგოში ალექს ტელესიც თამაშობს.
ჩამონათვალი კი დავასრულოთ მთავარი ვეტერანით, ტიაგო სილვათი, რომელიც გასულ ზაფხულს მშობლიურ ფლუმინენსეში დაბრუნდა. როგორც ვხედავთ, ბრაზილიის ჩემპიონატი ვარსკვლავების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.