ატლეტიკო მადრიდი ახალი მცველის დამატებასთანაა ახლოს — 33 წლის გაბრიელ პაულისტა უახლოეს საათებში მადრიდში იქნება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. კლუბები 6 თვიან იჯარაზე შეთანხმდნენ. ზაფხულში გამოცდილი ბრაზილიელი მცველი თავისუფალი აგენტი ხდება, ატლეტიკო კი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების უფლებას იტოვებს.
ჩალარ სოიუნჯუს გუნდიდან წასვლის შემდეგ, სიმეონე ახალი მცველის ძიებაში იყო. ატლეტიკოს მთავარი სამიზნე ტრევო ჩალობა გახლდათ, თუმცა ინგლისურ კლუბთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. გეგმა B კი ადგილობრივი ბაზრიდან იყო, კერძოდ გაბრიელ პაულისტა, რომელსაც "ღამურების" დატოვება სურდა, შესაბამისად შეთანხმებაც მარტივად შედგა.
პაულისტა ვალენსიაში 2017 წელს გადაბარგდა. ამ დროის განმავლობაში, 33 წლის მცველს "ღამურების" რიგებში 220 შეხვედრა დაუგროვდა.