საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩილეს წინააღმდეგ გამართავენ.
სერიის პირველ მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფიჯი დაძაბულ ბრძოლაში 29:23 დაამარცხა. მომავალი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილება განახორციელა.
ფიჯისთან არ უთამაშიათ და ჩილესთან თამაშს იწყებენ ფრთა საბა ნატროშვილი, ჰავბეკი დავით წიკლაური, ბურჯი ლუკა იასეშვილი, კვაჭი ნიკოლოზ ღარიბაშვილი და შერკინების შემკვრელი ირაკლი ყოლბაია. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდნენ ფულბეკი ნიკა ხალვაში, ცენტრი დემეტრე დევდარიანი და მეორეხაზელი (მხტომელი) თორნიკე ტორაძე.
დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს ფრთა ავთანდილ ზვიადაძემ, ცენტრმა ლეონიდე სალდაძემ, მგეზავმა მათე მახარაძემ, ბურჯმა ლევან ეზიეშვილმა, მეორეხაზელმა (მხტომელი) ნიკოლოზ ჩხორთოლიამ და მესამეხაზელებმა - გიორგი ზაზაძემ (6 - მარბიელი) და გუნდის კაპიტანმა ლუკა ნარსიამ (7 - მღლეტელი).
ფიჯისთან მატჩის მსგავსად მარქაფაში არიან პირველხაზელები გიორგი აღნიაშვილი, დაჩი ჭელიძე და გაბრიელ რაზმაძე, ასევე ჰავბეკი გოგა უშვერიძე. 21 მაისს სასტარტოში იყვნენ და ამჯერად თამაშს მარქაფიდან იწყებენ მხტომელი გიორგი მეფარიშვილი, მესამეხაზელი გიორგი არძენაძე, ცენტრი დათა ახვლედიანი და ფულბეკი დათა არობელიძე.
ჩილემ, რომელსაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, სერიის ფარგლებში პირველი შეხვედრა მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართა და სარეკორდო სხვაობით, 0:97 დამარცხდა.
ქეიფთაუნის „სითი პარკზე“ თამაში თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება.
20-წლამდელთა საერთაშორისო სერია
II რაუნდი. 26 მაისი. 15:00
სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „სიტი პარკი“
საქართველო - ჩილე
საქართველო
ხაზი:15. ნიკა ხალვაში, 14. ავთანდილ ზვიადაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. დავით წიკლაური;
შერკინება:1. ლუკა იასეშვილი, 2. ნიკოლოზ ღარიბაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. თორნიკე ტორაძე, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. ირაკლი ყოლბაია.
მარქაფა:16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. გიორგი მეფარიშვილი, 20. გიორგი არძენაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დათა ახვლედიანი, 23. დათა არობელიძე.
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი (17:00)
30 მაისი. კვირა
სამხრეთ აფრიკა - საქართველო (16:30)
ფიჯი - ჩილე (18:30)







