30 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც პსჟ არსენალს დაუპირისპირდება, უეფას კითხვებს პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა.
ხვიჩა, ბაიერნთან შენი თამაში ყველამ დადებითად შეაფასა და ამბობენ, რომ უმაღლეს დონეზე ჩაატარე, თუმცა რა კომპონენტის გაუმჯობესებაზე ფიქრობ?
„ვფიქრობ, ყველა მოთამაშეს სჭირდება რაღაცის გაუმჯობესება და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ განვითარებას, მეტი გოლის გატანას, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლებსა და საგოლე გადაცემაზე არ არის დამოკიდებული. უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ ეხმარები გუნდს. ზოგჯერ ვერ გაიტან, ზოგჯერ ვერ აკეთებ საგოლე გადაცემას, მაგრამ შეგიძლია მოედანზე ყველაფერი გაიღო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარო. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც თამაშს ვამთავრებ, მინდა დარწმუნებული ვიყო ხოლმე, რომ გუნდისთვის 100%-ით დავიხარჯე."
რატომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალიზმზე წინ გუნდის დაყენება?
"თავიდან მეგონა, რომ უფრო ინდივიდუალური მოთამაშე ვიყავი, ვიდრე გუნდური, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ გუნდის გარეშე არაფერი ხარ. მხოლოდ ერთ ფეხბურთელს თამაშის მოგება ხშირად არ შეუძლია და როცა კარგი თანაგუნდელები გყავს, ყველაფერი მარტივია."
ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ხარ...
"ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც ყველა მეტოქე ძლიერია და მათ წინააღმდეგ გოლების გატანა ადვილი არ არის,მაგრამ მყავს საოცარი თანაგუნდელები, რომლებიც ქმნიან სიტუაციებს, სადაც უბრალოდ უნდა დავარტყა და გავიტანო. ვამაყობ, რომ დღეს შემიძლია გოლების გატანა, კარგ ფორმაში ვარ და უბრალოდ ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო"
ხშირად ამბობენ, რომ ტიტულის დაცვა ძალიან რთულია, როგორაა თქვენ შემთხვევაში?
„დიახ, ვფიქრობ, რომ ეს მართლაც რთულია. ბევრი თამაში გვქონდა ისეთი, სადაც ბოლომდე მოგვიწია ბრძოლა და ძალიან ძლიერი გუნდის დამარცხება. რა თქმა უნდა, ეს რთულია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ გვაქვს ხარისხი. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ვფიქრობ, უბრალოდ უნდა ვენდოთ საკუთარ თავს, გვჯეროდეს საკუთარი თავის და ყველაფერი გავაკეთოთ თასის მოსაგებად."
როგორია ჩემპიონთა ლიგის საღამო თქვენს გონებაში?
"ყველა ფეხბურთელის მთავარი მიზანი და ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. როდესაც დგახარ და ჰიმნს ისმენ, ბედნიერი ხარ, რადგან იცი, რომ ამის მოსასმენად რაღაც განსაკუთრებული გააკეთება. შესაბამისად, როცა იცი, რომ ტურნირზე თამაშობ, განსაკუთრებულად უნდა მოემზადო"







