მიუნხენის ბაიერნისა და კიოლნის შეხვედრაში კინგსლი კომანმა ტრავმა მიიღო. მას ბარძაყი დაუზიანდა, რის შემდეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფრანგი ვინგერის ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ ის სეზონის დარჩენილ ნაწილსა და ევრო 2024-საც გამოტოვებდა.
საბედნიეროდ, ეს ვარაუდი არ დადასტურდა. "რეკორდმაისტერის" გარემარბის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე კვირა გაგრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, მან ამ სეზონში თამაში კიდევ მოასწროს. ევრო 2024-ის დაწყებისთვის კი 27 წლის ვინგერი მწყობრში იქნება. აქვე დავამატებთ, მიმდინარე სეზონში მან 27 მატჩში 5 ბურთი გაიტანა.
ბავარიული გუნდის მე-11 ნომრის კარიერაში ჯერ არ ყოფილა სეზონი, როცა იმ ქვეყნის ლიგის ჩემპიონი არ გამხდარიყო, სადაც თამაშობს. ეს ტრადიცია, უდიდესი ალბათობით, დაირღვევა წელს, როდესაც გერმანიის ჩემპიონი ლევერკუზენის ბაიერი გახდება. ალიანც არენას ბინადრები ლიდერს 16 ქულით ჩამორჩებიან, სეზონის დასრულებამდე კი 5 ტური რჩება.