იტალიის ჩემპიონატი დაიწყო, პირველი ტურის მატჩს ნაპოლი 18 აგვისტოს, ვერონას წინააღმდეგ გამართავს. ეს იქნება ანტონიო კონტეს სადებიუტო მატჩი სერია ა-ში, ნაპოლის მწვრთნელის რანგში.
გუნდმა წინასასეზონო მზადება წარმატებით გაიარა და ფიზიკურად ახალი სეზონისთვის მზად არიან, თუმცა არის პრობლემები, რომლებიც კვლავ მოსაგვარებელია.
პირველი პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხია. ნაპოლის ხელმძღვანელობამ მთელი ზაფხული იბრძოლა იმისთვის, რომ კვარაცხელია შეენარჩუნებინა და გეგმაში ახალი კონტრაქტის გაფორმება ჰქონდათ, 3-ჯერ მეტი ხელფასით, თუმცა სეზონის სტარტზე ხვიჩას ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებია.
მეორე პრობლემა ვიქტორ ოსიმენის საკითხია. კლუბს ნიგერიელი ფორვარდის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა არ არის რეალური მსურველი, ვინც ოსიმენის სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდის. თავის მხრივ, კონტეს ლუკაკუსთან პირადი შეთანხმება აქვს მიღწეული. წინასასეზონო და სათასო მატჩებში ოსიმენი ძირითადის ფეხბურთელად საერთოდ არ მოიაზრებოდა და ასე იქნება ახალ სეზონშიც.
კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ორი საკითხი მიმდინარე თვის ბოლომდე მოაგვაროს.