2000 წლის 26 თებერვალი - ლუიშ ფიგუმ კაპიტნის რანგში ბარსელონა ელ კლასიკოზე გაიყვანა. ხოსეპ გვარდიოლას არყოფნაში, ვიცეკაპიტნის სტატუსით სწორედ პორტუგალიელი ვინგერი სარგებლობდა. კატალონიელი ქომაგები მას ძალიან აფასებდნენ, მაგრამ ზუსტად რამდენიმე თვეში, სიყვარული სიძულვილმა ჩაანაცვლა.
"ბლაუგრანას" გარემარბი მადრიდის რეალში გადავიდა და მომდევნო ელ კლასიკოზე ის მოსისხლე მტრის თეთრი მაისურით თამაშობდა. მას იქ ჯოჯოხეთი დახვდა და უბედური შემთხვევის თავიდან არიდების მიზნით, "სამეფო კლუბის" მე-10 ნომერს კუთხურის ალამთან მისვლა სასტიკად აკრძალული ჰქონდა.
"ბლანკოსის" ყოფილი მცველი, ივან კამპო იხსენებს:
"ხმაური და სტვენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეგონა ყურები გამისკდებოდა. არ მესმის ბარსელონას ქომაგების, ფიგუ ხომ მათი გმირი იყო. როგორ დაივიწყეს სულ რაღაც 6 თვეში ყველაფერი კარგი, რაც მან ამ კლუბისთვის გააკეთა. ეს წარმოუდგენელია".
პორტუგალიელმა გარემარბმა შემდეგი ორი ელ კლასიკო გამოტოვა ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო, ის 2002 წლის ნოემბერში დაბრუნდა. კატალონიელ ქომაგებს არაფერი დავიწყებიათ, პირიქით, ლუიშის არყოფნაში მოიფიქრეს მისი სულიერად განადგურების ახალი ხრიკები და საშუალებები.
შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, სანტიაგო ბერნაბეუზე გადასული გარემარბი მაინც მივიდა კუთხურის ალამთან და მისი მიმართულებით ტრიბუნებიდან შებოლილი ღორის თავი გადმოაგდეს. მატჩი დროებით შეჩერდა, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მე-10 ნომერს დამშვიდების საშუალება მისცეს.
ცნობისთვის, აღნიშნული ექსპონატი "ბლაუგრანას" მუზეუმში დღემდე ინახება. ღორის თავის გარდა, ფიგუს მიმართულებით ისროდნენ მონეტებს, ტუალეტის ქაღალდს, ბოთლებსა და დანებსაც კი. "ლურჯ-ბროწეულისფრების" ქომაგებს მთელი გუნდი ამშვიდებდა, მატჩის განახლება 12 წუთის მანძილზე ვერ ხერხდებოდა.
2016 წელს, ყოფილ პორტუგალიელ გარემარბს ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს კითხვა დაუსვეს კატალონიურ ენაზე, რაზეც მან უპასუხა:
"კატალონიელი ჟურნალისტების კითხვებს არ ვპასუხობ, მაგრამ შენთვის დავუშვებ გამონაკლისს, რადგან ძალიან ლამაზი ხარ", - ლუიშის პასუხში იმალება იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რეალის ყოფილ გარემარბს მიაჩნია, რომ კამპ ნოუზე მის შეძულებაში უდიდესი როლი სწორედ კატალონიურმა პრესამ ითამაშა. კარიერის დასრულების შემდეგაც კი ადგილობრივმა Sport-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ფიგუს ღალატის დღიდან 10 წელი გავიდა". თავად მოთამაშე მიიჩნევს, რომ ბარსას ფანების მხრიდან წამოსული წყევლა დაუმსახურებელია.
ახლა კი დავბრუნდეთ დასაწყისში და განვიხილოთ, თუ რატომ გაცვალა პორტუგალიელმა გარემარბმა კატალონია მადრიდზე. მისი მეგობრის, პაულო ფუტრეს განცხადებით, ლუიშს არ სურდა "ბლაუგრანას" დატოვება და ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მისი ტრანსფერის უკან ფლორენტინო პერესი იდგა, რომელმაც ჯერ მოთაფლა მოთამაშის აგენტი, შემდეგ კი თავად "ლურჯ-ბროწეულისფრების" ვინგერი.
ესპანელ ბიზნესმენს კამპ ნოუს ბინადრების მეშვიდე ნომრის აგენტთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ ის გახდებოდა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი, ტრანსფერი შედგებოდა. საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო ბრძოლაში ფავორიტად ითვლებოდა მოქმედი ხელმძღვანელი, ლორენსო სანსი, რომლის მმართველობის დროს "ბლანკოსმა" ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო.
ესპანელი პრეზიდენტი არ იყო შეპყრობილი საფეხბურთო სამყაროს მთავარი ვარსკვლავების მოზიდვის იდეით, მისი მმართველობის დროს სანტიაგო ბერნაბეუზე მოკრძალებულობა სუფევდა. პერესს სულ სხვა მოტივაცია ჰქონდა, მას სურდა "გალაქტიკოსებისგან" შემდგარი გუნდის შექმნა და ნომერ პირველი მის სიაში ბარსას მე-7 ნომერი იყო.
ფლორენტინომ იცოდა იმის შესახებ, რომ ფიგუსა და კატალონიელებს შორის ურთიერთობა ცივდებოდა. ფეხბურთელი თავს დაუფასებლად გრძნიბდა და სკეპტიკურად უყურებდა კრიზისისკენ მიმავალი "ბლაუგრანას" პერსპექტივებს. ამის გარდა, პორტუგალიელი ვინგერი ხელფასის მომატებას ითხოვდა ერთი მილიონიდან - ორ მილიონამდე, რაზეც "ლურჯ-ბროწეულისფრებისგან" უარი მიიღო.
რეალის მომავალმა პრეზიდენტმა ამ ყველაფრის შესახებაც იცოდა და ლუიშს შესთავაზა წინადადება, რომელზეც მან უარი ვერ თქვა - ექვსი მილიონი ევრო ხელფასის სახით, ახალი გუნდის აშენება მის გარშემო და ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კამპ ნოუს ბინადრების ვინგერს მადრიდში თავი ეგრძნო, ისე როგორც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.
ამ ყველაფრის პარალელურად, ბარსელონას მე-7 ნომრის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორებმა კატალონიელ ჟურნალისტებამდეც მიაღწია, რომლებიც ისედაც დაძაბულ სიტუაციას დღითიდღე კიდევ უფრო ამწვავებდნენ. ფიგუ ჯერ კიდევ "სამეფო კლუბში" გადასვლამდე შერაცხეს პოტენციურ მოღალატედ, ბოლოს კი მოსახდენი მოხდა.
პერესმა აჯობა სანსს საპრეზიდენტო არჩევნებში და დაპირებაც შეასრულა - პორტუგალიელი ვინგერი კატალონიიდან "ბლანკოსში" 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. ლუიში ბერნაბეუზე მოიგებს ოქროს ბურთს, ჩემპიონთა ლიგას და სხვა ტიტულებს, "ბლაუგრანას" ქომაგების მხრიდან წამოსული სიძულვილი კი მას ცხოვრების ბოლომდე გაყვება.
თავად რეალის ყოფილი გარემარბი ტრანსფერს ასე იხსენებს:
"არ ვიცი, რა შეიცვალა ესპანურ ფეხბურთში ან ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში, უბრალოდ ფაქტია, მადრიდში მოვიგე ყველაფერი, ბარსა კი ჩემი წასვლის შემდეგ, 5 წლის მანძილზე უტიტულოდ რჩებოდა", - როგორც ვხედავთ, ვეტერანი მოთამაშე არაფერს ნანობს.