ბაიერნში ტრავმების ეპიდემიაა, შესაბამისად გუნდი რამდენიმე დღეა მცველის დამატებაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც ნიუკასლისგან კირან ტრიპიეს თაობაზე უარი მიიღეს, მიუნხენური გრანდი თავიდან ბოლომდე ნორდი მუკიელეზე გადაერთო, თუმცა პარიზელებთან შეთანხმება ვერ შედგა. ბაიერნს 26 წლის მცველის დამატება იჯარით სურდა, რაც ფრანგულ მხარეს არ აწყობდა. გეგმა B კი საშა ბოე იყო, რომელიც ამ სამეულიდან ყველაზე ძვირად ფასობდა.
ახლა კი როგორც ცნობილი ხდება, ბაიერნსა და გალათასარაის შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ახალგაზრდა ფრანგ მცველს, ხვალ უკვე გერმანიაში ელოდებიან. საუბარია €30 მილიონიან გარიგებაზე + ბონუსებზე. მიუნხენური გუნდი თავიდან €20 მილიონამდე იხდიდა, რაზეც თურქული კლუბისგან მარტივი უარი მიიღეს. იმის ფონზე, რომ ბაზარზე სხვა კარგი ვარიანტი აღარ იყო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც 5 დღეა დარჩენილი, ბაიერნის უფროსობამ შეთავაზება გაზარდა და ტრანსფერიც დახურვის პირასაა.
საშა ადგილობრივი რენის აღზრდილია, სადაც 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. 2021 წელს კი, თურქულმა გრანდმა ფეხბურთელი სულ რაღაც €1.15 მილიონად შეიძინა და მალევე გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. 23 წლის ფრანგმა გალათასარაიში 83 მატჩი ჩაატარა და ამ დროში თურქეთის ჩემპიონობაც იზეიმა.