ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიო მენდესმა საქართველოს ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა. დამრიგებელმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამხელა პროგრესი განიცადეს "ჯვაროსნებმა". აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, "არწივების" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სწორედ ჩვენი ნაკრები არის.
"ერთა ლიგაზე საკმაოდ კონკურენტუნარიან ჯგუფში მოვხვდით. საქართველომ დაგვამარცხა ტირანაში, ალბანეთმა კი თბილისში იმარჯვა. მათ პროგრესს ყველა ამჩნევს. "ჯვაროსნებს" ევროპული დონის ძლიერი ეროვნული გუნდი ჰყავთ. ისინი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენც ამ დონეზე ვართ.
ისინი ნამდვილად არ არიან იმ კატეგორიის მოწინააღმდეგეები, რომელთანაც გამარჯვება მარტივად არის შესაძლებელი", - განაცხადა ბრაზილიელმა დამრიგებელმა. შეგახსენებთ, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა "არწივებს" გიორგი ქოჩორაშვილის სტუმრად გატანილი ბურთით მოუგეს.