რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ითამაშებს! საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატია დრამატულად, პენალტების სერიაში დაამარცხა და სლოვაკეთში გასამართი ტურნირის საგზური მოიპოვა. ჩვენი ნაკრები 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
საქართველოს გარდა, ტურნირზე მონაწილეობას სლოვაკეთი (მასპინძელი), ინგლისი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა მიიღებენ.
ფორმატი უცვლელია — ტურნირზე 16 ნაკრები იასპარეზებს, რომელიც 4 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორი საუკეთესო პლეი-ოფში გაააგრძელებს ასპარეზობას. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გუნდები 1/4 ფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას.
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს, ფინალი კი 28 ივნისს გაიმართება. ჩემპიონატს 8 ქალაქი უმასპინძლებს: ბრატისლავა, ჟილინა, დუნაისკა სტრედა, ტრნავა, ნიტრა, კოშიცე, ტრენჩინი, პრეშოვი.
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 3 დეკემბერს, ბრატისლავაში გაიმართება.
ფოტო: Nakrebi.ge