2018 წელს ალექსის სანჩესი ტიტულების მოგების მოტივაციით ლონდონის არსენალიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. სამხრეთ ამერიკელმა ფორვარდმა ვერ მიაღწია საწადელს. ზოგადადაც, ჩილელი შემტევის "წითელ ეშმაკებში" ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ გარიგებად ითვლება.
მოგვიანებით, "მანკუნიანელების" ყოფილმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვება მას პირველივე ვარჯიშის შემდეგ უნდოდა. ის სერიოზულად ფიქრობდა "ოცნებათა თეატრის" ბინადრებთან კონტრაქტის გაწყვეტაზე და "მეთოფეებში" დაბრუნებაზე, მაგრამ ეს შეუძლებელი გამოდგა. რაც შეეხება სტატისტიკას: 45 მატჩი, 5 ბურთი.
"მანჩესტერში პირველი ვარჯიშის შემდეგ, ბევრი რაღაც გავიაზრე. მინდოდა ამ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა და არსენალში დაბრუნება, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. გავიდა თვეები, მაგრამ მე მაინც იმავე აზრზე ვრჩებოდი. იუნაიტედი გუნდურობისგან შორს იყო", - აცხადებდა ჩილეს ეროვნული გუნდის მე-7 ნომერი.
სოციალურ ქსელებში 36 წლის თავდამსხმელის ფრაზა კვლავ აქტუალურია მას შემდეგ, რაც რუბენ ამორიმი "წითელ ეშმაკებში" პირველ სირთულეებს შეეჭიდა. ქომაგები დარწმუნებულები არიან, რომ პორტუგალიელი თავკაცი ზუსტად იმავეს ფიქრობს, რასაც სანჩესი წლების წინ. შეგახსენებთ, მისი დებიუტი 24 ნოემბერს შედგა და იმის შემდეგ, "მანკუნიანელთა" დამრიგებელმა უკვე 4 მატჩის წაგება მოასწრო.
ეს შედეგი ორმაგად სამწუხაროა იმის გათვალისწინებით, რომ 39 წლის მწვრთნელს "ლისაბონის სპორტინგში" მიმდინარე სეზონში ერთი მარცხიც არ ჰქონია. საინტერესოა, რამდენ ხანს გაძლებს ამორიმი "ოცნებათა თეატრში".