უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტულ, საბრძოლო და პარასამბოში 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა კი მამაკაცებს შორის საბრძოლო სამბოში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
სპორტულ სამბოში მსოფლიოს ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ), ავთანდილ მუკბანიანი (64 კგ), ელიზბარ (ჯაბა) თურქია (71 კგ) და უჩა ტაბატაძე (+98 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედალი სპორტულ სამბოში ელენე ქებაძემ (+80 კგ) მოიპოვა, არჩილ გოგოლაშვილი (98 კგ) კი საბრძოლო სამბოში გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი. საბრძოლო სამბოში არჩილ გოგოლაშვილი პირველი ქართველი მამაკაცი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სპორტულ სამბოში ბექა ძაგანიშვილია (88 კგ), საბრძოლო სამბოში კი ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) და სოფიო ბაღიშვილი (50 კგ) არიან. სოფიო ბაღიშვილი საქართველოს სამბოს ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
პარასამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გამჯაშვილი (79 კგ) გახდა, იგი პირველი ქართველია, რომელმაც ამ დისციპლინაში საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა; ამავე მიმართულებით ბრინჯაოს მედალი კი რამინ ყიფშიძემ (98 კგ) მოიპოვა.









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)





