შესაძლოა, ფრანკ რიბერიმ მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდული გუნდი ჩაიბაროს. როგორც ცნობილი ხდება, ყოფილი ფეხბურთელი ძალიან მალე სამწვრთნელო ლიცენზიას აიღებს. ფრანგი ექს-ვინგერი ძალიან დიდ დროს ატარებს გერმანული კლუბის წარმომადგენლებთან, მისი ვაჟი, სეიფი კი "რეკორდმაისტერის" 13-წლამდელთა გუნდში თამაშობს.
სამწვრთნელო ლიცენზიის მიღების გარდა, "ბავარიას" ყოფილი გარემარბი სალერნიტანას სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობს. შეგახსენებთ, მან თავისი კარიერის დასკვნითი ნაწილი სწორედ "გრანატაში" გაატარა. ბაიერნის ლეგენდარულმა 7-იანმა იტალიის ჩემპიონატში, საერთო ჯამში ჩაატარა 76 მატჩი და 5 ბურთიც გაიტანა.
კამპანიელების გარდა, რიბერი, ორი სეზონის განმავლობაში, ფლორენციის ფიორენტინაშიც თამაშობდა. მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები კი მიუნხენს უკავშირდება, სადაც მან 425 მატჩში 124 ბურთი გაიტანა. ფრანგმა ექს-ვინგერმა გერმანიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო, ხოლო ერთჯერ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.