მოჰამედ სალაჰმა ლივერპულის შემადგენლობაში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ მან გაიტანა გოლი და საგოლე პასიც გააკეთა. ეგვიპტელ ვინგერს პრემიერ ლიგაში უკვე დაუგროვდა 162 ბურთი, რითაც ის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა 10-ეულში რობი ფაულერს გაუთანაბრდა.
"წითლების" გარემარბი ყოფილ ინგლისელ თავდამსხმელთან ერთად 9-10 ადგილებს იყოფს. იმის გათვალისწინებით, რომ მას მთელი სეზონი წინ აქვს, არაა გამორიცხული, რომ მერსისაიდელთა მე-11 ნომერი კიდევ უფრო დაწინაურდეს. ის ახლა ყველაზე ახლოს ჟერმეინ დეფოსთან არის, რომელსაც 1 ბურთით მეტი აქვს გატანილი.
საუკეთესო 10-ეული კი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
1. ალან შირერი - 260 გოლი
2. ჰარი კეინი - 213 გოლი
3. უეინ რუნი - 208 გოლი
4. ენდი კოული - 187 გოლი
5. სერხიო აგუერო - 184 გოლი
6. ფრენკ ლამპარდი - 177 გოლი
7. ტიერი ანრი - 175 გოლი
8. ჟერმეინ დეფო - 163 გოლი
9. მოჰამედ სალაჰი - 162 გოლი
10. რობი ფაულერი - 162 გოლი