დღეს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს პორტუგალიასთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გავა.
პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან მატჩს ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
დაპირისპირება და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გასვლა რომ გვერდზე გადავდოთ, საქართველოს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომელთათვისაც რონალდუ ბავშვობის კუმირი იყო, დღეს კი მის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ხვიჩა კვარაცხელია თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რონალდუ მისი ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელია და მატჩის შემდეგ, მაისურის გაცვლასაც აპირებს. რონალდუს დიდი გულშემატკივარია ზურიკო დავითაშვილიც.
2013 წელს, რონალდუმ თბილისში დინამოს აკადემია გახსნა. პატარა გიორგი ჩაკვეტაძე თავის კუმირს თვალწინ ხედავდა, ზუსტად 11 წლის შემდეგ კი რონალდუ და ჩაკვეტაძე ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე შეხვდებიან.
ჩაკვეტაძეს რონალდუ ისე უყვარს, რომ ვარჯიშებზე გოლებს მის სტილში აღნიშნავს ხოლმე. ჩაკვეს შეუძლია ეს აღნიშვნა პორტუგალიასთან გოლის შემდეგ, რონალდუს თვალწინ გააკეთოს.
გასაკვირი არაა, რომ რონალდუს ფანი ჟორჟ მიქაუტაძეც არის. გასაკვირი იმიტომ არაა, რომ ამ ორ ფეხბურთელს ერთი კარგი თვისება ახასიათებთ - ორივე ცივსისხლიანი ფორვარდია და საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო მომენტებს სულ იყენენ.
შესაძლოა, ამ 4 ფეხბურთელისთვის თავიანთი კუმირის წინააღმდეგ თამაში ათმაგი მოტივაცია იყოს. ფაქტი ერთია, უძლიერესი პორტუგალია უნდა დავამარცხოთ.