ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი დაიწყო. მაყურებელმა საინტერესო დაპირისპირებები იხილა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა. არსენალმა რეალ მადრიდი უშანსოდ, 3-0 გაანადგურა, რითაც პრემიერ ლიგამ მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გაინაღდა.
ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას - 25.107 ქულა აქვს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 2025/26 სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 5 გუნდით წარსდგეს. რეიტინგში მეორე ადგილზე, 22.392 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი იტალია იკავებს, კერძოდ 20.437 ქულით.
დღევანდელი მოცემულობით, ლა ლიგა ფავორიტია და თუ ბოლო მომენტში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ინგლისის მსგავსად, ესპანეთიდანაც 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი ჩემპიონთა ლიგაზე.
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.