ბარსელონას ლეგენდარულმა შემტევმა, რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ ისაუბრა მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბის, ანტონი დოს სანტოსის შესახებ. ყოფილმა ბრაზილიელმა ფორვარდმა თავის თანამემამულე ვინგერს "წითელი ეშმაკებისა" და ზოგადად, პრემიერ ლიგის დატოვება ურჩია. ვეტერანი ლეგენდის კომენტარი ასეთია:
"ანტონი თამაშობს გუნდში, რომელიც რთულ პერიოდს გადის. ჩემი აზრით, გარემოს შეცვლა მას წაადგება. პრიორიტეტულ ვარიანტად მიმაჩნია ლა ლიგა, სერია ა ან ბუნდესლიგა. დოს სანტოსი დაამშვენებს ნებისმიერ გუნდს, განსაკუთრებით, პრიმერა დივიზიონში", - განაცხადა კატალონიური კლუბის ლეგენდარულმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "მანკუნიანელებმა" ამსტერდამის აიაქსის ყოფილი გარემარბი 95 მილიონ ევროდ იყიდეს. მის ანგარიშზე არის 82 ჩატარებული შეხვედრა და მხოლოდ 11 გატანილი ბურთი. პრემიერ ლიგის განვლილ სეზონში 24 წლის ვინგერმა სულ რაღაც 1 გოლის გატანა შეძლო.