სტამბოლის ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალში გატარებული პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბში" მუშაობდა 2010-2013 წლებში და ამ დროის მანძილზე მან თავის გუნდს 3 ტიტული მოაგებინა.
"ბლანკოსის" ყოფილმა მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, რომ მან თავის დროზე დანერგა შვიდი წესი, რომლის მიხედვითაც ის თავის გუნდს დიდი მატჩებისთვის ამზადებდა. "განსაკუთრებულის" ფილოსოფია იყო ასეთი:
1. იმარჯვებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს.
2. იმარჯვებს ის, ვინც მეტოქეს შეცდომის დაშვებას აიძულებს.
3. გასვლით მატჩში არ ღირს დომინირება, უბრალოდ აიძულეთ მეტოქეს შეცდეს.
4. ის, ვინც დიდხანს ფლობს ბურთს, დიდი ალბათობით შეცდომას დაუშვებს.
5. ის, ვინც ნაკლებად ფლობს ბურთს, ნაკლებ შეცდომას უშვებს.
6. ბურთით მყოფ ფეხბურთელს ეშინია.
7, ბურთის გარეშე მყოფი ფეხბურთელი უფრო თავისუფალი და სახიფათოა.
62 წლის მწვრთნელი სანტიაგო ბერნაბეუზე სწორედ ამ წესების მიხედვით მუშაობდა. გაამართლა თუ არა მისმა მეთოდებმა? ფაქტია, რომ მისი მწვრთნელობის დროს, რეალი პრიმერა დივიზიონში ბარსელონას ჩრდილში იყო მოქცეული. რაც შეეხება მთავარს, პორტუგალიელი სპეციალისტის გეგმა იყო ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო.
ჟოზე თავის სადებიუტო სეზონში ნახევარფინალში დამარცხდა "ბლაუგრანასთან", შემდეგ სეზონში კი მადრიდული გუნდი პენალტების სერიაში მიუნხენის ბაიერნთან გამოვარდა. თავის ბოლო სეზონში კი მისი "სამეფო კლუბი" დორტმუნდის ბორუსიასთან განადგურდა.