რეალმა კიდევ ერთი ტიტული მოიგო. კარლო ანჩელოტი სეზონს ამაღლებულ ნოტაზე იწყებს. მით უმეტეს, მისმა ახალმა შეგირდმა კილიან მბაპემ პირველივე მატჩში გაიტანა და თავისი გოლების ყულაბა რეალშიც გახსნა.
მატჩი ვარშავაში გაიმართა. ყველას გვახსოვს 2015 წელი, როცა სუპერთასი თბილისში ჩატარდა და ამ მატჩის მიმართ ქართველი გულშემატკივრების მხრიდან უდიდესი მოლოდინი იყო. გათენებული ღამეები ბილეთების რიგში, ბარსელონას მომლოდინე ფანები სასტუმროსთან და საფეხბურთო ზეიმი ქალაქში. ადგილობრივების მხრიდან ასეთი აჟიოტაჟი ვარშავაში არ ყოფილა და ქუჩებში მხოლოდ სპეციალურად ამ მატჩისთვისთვის ჩამოსულ გულშემატკივრებს შევხვდებოდით.
მატჩის დღეს, რეალის გულშემატკივრები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას შეიკრიბნენ და თამაშის წინა განწყობას საინტერესო შეძახილებით იქმნიდნენ. ისინი ხშირად სკანდირებდნენ ვინისიუსის, ფედე ვალვერდეს, ბელინგემის და ტონი კროოსის გვარს. ეს უკანასკნელი, ფანებს ძალიან აკლდათ. მხოლოდ ფანებს კი არა, ანჩელოტისაც აკლია და ეს გუშინდელ მატჩშიც გამოჩნდა.
რეალის ქომაგების მხრიდან ანტიშეძახილებიც იყო, თუმცა მხოლოდ პეპ გვარდიოლას მიმართ. არც მესის, არც ბარსელონასა და არც სხვა ფეხბურთელებს მადრიდისტები ცუდად არ მოიხსენიებდნენ, გარდა გვარდიოლასი. ესეც ლოგიკურია, რადგან რეალის ისტორიის ყველაზე ცუდი და ბნელი დღეები სწორედ გვარდიოლას ბარსელონაში მუშაობას უკავშირდება.
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართულ რესტორანს ვეწვიეთ, სადაც რეალის ფან კლუბის წევრებიც იყვნენ და ქართული სამზარეულო დააგემოვნეს - ხინკალი, ხაჭაპური, ჩახოხბილი. უცნაურია, მაგრამ თითო ადამიანი მხოლოდ ერთ ხინკალს უკვეთავდა. როგორც ჩანს, ქართული ტრადიციების შესახებ საერთოდ არ იციან და იმედია მალე მოვა ის დრო, როცა თბილისი სუპერთასს ან ჩემპიონთა ლიგის ფინალს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს და რეალის ეს გულშემატკივრები ჩვენს დედაქალაქს ეწვევიან.
რეალის გულშემატკივრები ქართულ კერძებს აგემოვნებენ
სტადიონის მიმდებარედ რეალის ფანები ჭარბობდნენ და ეს ტრიბუნებზეც გამოჩნდა. მატჩის წინა გახურებაზე რეალის მხრიდან მხოლოდ ის 11-ეული გამოვიდა, რომელიც სასტარტოში იყო, დანარჩენები გასახდელში ელოდებოდნენ მატჩის დაწყებას, რაც ასევე, უცნაურია და ანჩელოტის ერთ-ერთი გამორჩეული ხრიკია. პირველ ნახევარში რეალის სუპერ შემადგენლობამ მოლოდინი ვერ გაამართლა და როგორც ზემოთ ვახსენეთ, გუნდს კროოსის მსგავსი ფეხბურთელი აკლდა.
თუმცა მეორე ნახევარში რეალმა მინი სპექტაკლი შემოგვთავაზა. მბაპე, ბელინგემი, ვინისიუსი, როდრიგო, ვალვერდე - ეს ფეხბურთელები უსიტყვოდ უგებდნენ და ერთმანეთს ავსებდნენ. ანჩელოტისაც ნერვიულობა და წნეხი მოეხსნა. გუშინდელი მატჩის შემდეგ, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა - ვინ უნდა გააჩეროს ეს გუნდი?
მატჩის შემდეგ, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა, ეს წარმატება ყველას სათითაოდ მიულოცა და სტადიონი მალევე დატოვა. ფლორენტინო მადრიდში გუნდთან ერთად არ წასულა. გასახდელიდან სიამაყით გამოსული პერესი სპეციალური გასასვლელიდან გაიყვანეს.
შიდა სამზარეულოდან უკეთ გამოჩნდა, რომ ანჩელოტის თავისი გუნდი საათივით ჰყავს აწყობილი როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. მათ ამა თუ იმ საკითხებში ყველასგან განსხვავებული მიდგომები და ხედვა აქვთ, ამიტომ არიან სხვებისგან გამორჩეულები და ყოველ წელს იგებენ ტიტულებს - ეს სამეფო კლუბია.
რეალის გასახდელიდან გამოსული პერესი