საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი სია დაასახელა, სადაც ჯაბა კანკავაც მოხვდა, თუმცა თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებით, კანკავა ევრო 2024-ზე არ ითამაშებს.
შესაბამისად, ერთი ადგილი ვაკანტური გახდა და ეს ადგილი ბაზელის 18 წლის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ დაიკავა. არადა, სანიოლს არჩევანი დიდი ჰქონდა და საბოლოოდ, სიგუაზე შეჯერდა.
რატომ სიგუა?
მისი დებიუტი ნაკრებში 17 წლის ასაკში შედგა. სიგუა დინამო თბილისში გამორჩეული იყო და ბაზელმა წაიყვანა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სანიოლს არჩევანი დიდი ჰქონდა, თუმცა კანკავას ტიპის ფეხბურთელის შეცვლასთან ყველაზე ახლოს სწორედ სიგუაა. მას აქვს ერთი ყველასგან გამორჩეული თვისება - მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ნახევარმცველია, ხშირად უყვარს მეტოქის საჯარიმოში ყოფნა და გოლის ალღო აქვს. იცის პოზიციის სწორად შერჩევა და შეუძლია თანაბრად კარგად თამაში როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მსგავს დიდ ფორუმზე ყოფნა კარიერაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მით უმეტეს, ბაზელში ნაჩვენები კარგი მატჩების შემდეგ, სიგუას მსურველები უკვე ჰყავს.
"სიგუა თანამედროვე ეპოქის მონაცემების ფეხბურთელია და ლეონ გორეცკას ჰგავს - შრომობს, მებრძოლია და თავისი ასაკის კვალობაზე, კარგ ფიზიკურ კონდიციაშია. გაბრიელს დიდი პოტენციელი აქვს", - ეს განცხადება სანიოლმა გასულ წელს გააკეთა და როგორც ჩანს, ფრანგი სპეციალისტი 18 წლის ფეხბურთელის განვითარებას თვალს აქტიურად ადევნებდა.
სიგუას სტატისტიკა
ბაზელში გადასვლისთანავე, სიგუამ მწვრთნელების ნდობა დაიმსახურა და მაშინვე დიდი გუნდის განაცხადში ჩაჯდა. მიმდინარე სეზონში მას ტრავმები ხშირად აწუხებდა, თუმცა 17 მატჩის ჩატარება მოასწრო და 3 გოლი გაიტანა.
შვეიცარიაში წასვლამდე, სიგუა დინამო თბილისის ლიდერი იყო და თავისი გამორჩეული თვისებით, რაც თავდამსხმელის ფუნქციების შეთავსებას გულისხმობს, გოლები ეროვნულ ლიგაშიც გაჰქონდა.
სიგუას როლი ევრო 2024-ზე
მსგავსი ტიპის ფეხბურთელის ყოლა ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს სათადარიგოთა სკამზე იყოს. ყველაზე კარგად სიგუა ჩეხეთთან გამოგვადგება, სადაც უფრო ძალისმიერი და მძიმე თამაში გველის, ბევრი ორთაბრძოლა და ცენტრალურ ზონაში მეტოქის დაჯაბნა მნიშვნელოვანი იქნება.