საქართველოს დედაქალაქი თბილისი 11 ივლისს უმასპინძლებს RAF-ის მორიგ ივენთს, სადაც მერაბ დვალიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მისთვის კარგად ნაცნობ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, მათი დუელი უნდა შემდგარიყო 18 აპრილს, მაგრამ ჭიდაობის დღეს ამერიკელი სპორტსმენი ტრავმის გამო ივენთს ჩაეხსნა.
რაც შეეხება ქართველ მებრძოლს, მაისის ბოლოს მან დაამარცხა ფრენკი ედგარი და როგორც ვხედავთ, "ტრიპლ სი"-სთან ჭიდაობის შესაძლებლობა მას უახლოეს მომავალში კვლავ ექნება. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება RAF-ის ყველაზე გრანდიოზული ივენთი, რაც აქამდე ყოფილა. "მანქანისა" და სეხუდოს გარდა, 11 ივლისის ღონისძიებაზე სხვა არაერთი ცნობილი სახე იქნება.
გივი მაჭარაშვილი იჭიდავებს ზაკარი ელუმთან, არმან ცარუკიანი - კუატ ხამიტოვთან, კაილ სნაიდერი კი ქვემძიმე წონითი დივიზიონის ქამარს აბდულრაშიდ სადულაევთან გაათამაშებს. სხვა წყვილები: გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს ჯეიკ ვარნერთან, ლადო ხინჩეგაშვილი - კონორ ბიბისთან, ვლადიმერ გამყრელიძე კი კაილ დეიკისთვის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ქამრის წართმევას ეცდება.












