დღეს, 31 მარტს, ჩვენი დროით 19:30 საათზე, გაიმართება პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა - მანჩესტერ სიტი სახლში ლონდონის არსენალს მიიღებს. განვიხილოთ ყველაფერი აქტუალური და საინტერესო, რაც ამ ორი ჩემპიონობის მაძიებელი გუნდის გარშემო ხდება. ეს მატჩი მხოლოდ საჩემპიონო ინტრიგის გამო არ არის გამორჩეული.
აღნიშნული შეხვედრა, პირველ რიგში, არის მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირება - ხოსეპ გვარდიოლა მიკელ არტეტას წინააღმდეგ. მათ აერთიანებთ "ბარსელონური" წარსული. როდესაც კატალონიელი ტაქტიკოსი სამუშაოდ მოვიდა "ქალაქელებში", მისი ასისტენტი სწორედ დამწყები ბასკი დამრიგებელი იყო.
მოგვიანებით, ევერტონის ყოფილმა ნახევარმცველმა გზა დამოუკიდებლად გააგრძელა და ჩაიბარა "მეთოფეები", რომლებიც დროთა განმავლობაში პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოაყალიბა. დიახ, "კანონირების" აღმავლობა სწორედ 42 წლის ტაქტიკოსის მოსვლას უკავშირდება. რაც შეეხება "ლურჯების" დამრიგებელს, მისთვის ინგლისის ჩემპიონობა უკვე სტანდარტული მოვლენაა.
გვარდიოლას გუნდისა და ემირეიტსის ბინადრების გარდა, მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლაში ლივერპულიც არის ჩართული. ქულების მხრივ ასეთი სიტუაციაა: 64-64 ქულა აქვთ მერსისაიდელებსა და არტეტას შეგირდებს, 63 კი ეტიჰადელებს. შემდეგ, 59 ქულით მოდის ბირმინგემის ასტონ ვილა, მაგრამ ამ გუნდს ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
ურთიერთშეხვედრების ისტორია - 154 თამაში, 78-ჯერ იმარჯვა არსენალმა, 41-ჯერ - მან სიტიმ, 35 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 11 გოლი, გაიტანა სერხიო აგუერომ, ლონდონელების მხრიდან კი ჯონ რედფორდმა (8 გოლი). ბურთების შეფარდება კი ასეთია: 183:259, "მეთოფეების" სასარგებლოდ.
ხოსეპ გვარდიოლა (მან სიტის მწვრთნელი): "ჩვენი მოწინააღმდეგე არის გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. არტეტამ არსენალში უდიდესი შრომა ჩადო და მათი ყოფნა ლიდერებს შორის სრულიად დამსახურებული მოვლენაა. მივიჩნევ, რომ ეს გუნდი მიღწეულით არ შემოიფარგლება".
მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "ვეთამაშებით პრემიერ ლიგის უკანასკნელი წლების საუკეთესო გუნდს. მან. სიტი არა მხოლოდ ინგლისის, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულიც არის. მანჩესტერელები საათივით აწყობილი გუნდია, მათი შედეგები უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრავო "ქალაქელებს".
მან სიტის ბოლო 5 მატჩი: მან. სიტი-ნიუკასლი 2:0, ლივერპული-მან. სიტი 1:1, მან. სიტი-კოპენჰაგენი 3:1, მან. სიტი-მან იუნაიტედი 3:1, ლუთონი-მან. სიტი 2:6;
არსენალის ბოლო 5 მატჩი: არსენალი-პორტო 1:0, არსენალი-ბრენტფორდი 2:1, შეფილდი-არსენალი 0:6, არსენალი-ნიუკასლი 4:1, პორტო-არსენალი 1:0;
სავარაუდო შემადგენლობები:
მან სიტი: ორტეგა, დიაში, აკე, აკანჯი, როდრი, კოვაჩიჩი, დე ბრუინი, ფოდენი, ბერნარდო, ალვარესი, ჰოლანდი.
დანაკლისი: ედერსონი.
არსენალი: რაია, სალიბა, გაბრიელი, უაიტი, კივიორი, რაისი, ჟორჟინიო, ოდეგორი, საკა, მარტინელი, ჰავერცი.
დანაკლისი: ტიმბერი.
მან. სიტი-არსენალი:
პრემიერ ლიგის 30-ე ტური;
31 მარტი, 19:30;
მანჩესტერი, ეტიჰადი;
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი.