ქართული ფეხბურთისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი იქნება. მოგეხსენებათ, ჩვენს ჯგუფში თურქეთის გარდა ჩეხეთი და პორტუგალიაც არიან.
ვილი სანიოლის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპის წარმატებით გაიარა, შეკრება ავსტრიაში დაიწყო, მონტენეგროში ამხანაგური მატჩი მოიგო და მზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ქალაქ ფელბერტში ჩაატარა.
ამ დროის განმავლონაში, ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე მოთამასე ვარჯიშს ტოვებდა, რამდენიმე ბრუნდებოდა. საბოლოოდ კი ის სურათი მივიღეთ, რომ თურქეთთან მატჩში მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი დაგვაკლდება.
რაც შეეხება თურქებს, მათ ბოლო 5 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს. მოსამზადებელ ეტაპზე 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, სადაც პოლონეთთან წააგეს, იტალიასთან ფრე ითამაშეს.
თურქეთის ბოლო 5 მატჩი: უელსი-თურქეთი 1:1, უნგრეთი-თურქეთი 1:0, ავსტრია-თურქეთი 6:1, იტალია-თურქეთი 0:0, პოლონეთ-თურქეთი 2:1
საქართველოს ბოლო 5 მატჩი: საქართველო-შოტლანდია 2:2, ესპანეთი-საქართველო 3:1, საქართველო-ლუქსემბურგი 2:0, საქართველო-საბერძნეთი 0:0, მონტენეგრო-საქართველო 1:3
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ეს ჩვენთვის პირველი მატჩია ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მათი ფეხბურთელებისთვისაც პირველია. თურქეთის ნაკრებს საკმაოდ მაღალი დონის, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც კარგი შემტევებით გამოირჩევიან და ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. ჩემი ფეხბურთელების მჯერა. საბერძნეთთან მოგების შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს ემოციურად გაუჭირდა ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნება. შეკრების დაწყების წინ ვამბობდი, რომ ემოციურად მათთვის ეს ყველაფერი რთული იქნებოდა, მაგრამ მოსამზადებელმა ეტაპმა გვაჩვენა, რომ ასე არ არის და ნაკრები სრულიად მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის."
გურამ კაშია: (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, საოცარი შეგრძნება იყო, ამაყი ვიყავი ჩემი ნაკრებით და ჩემი ქვეყნით. ეს კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო. როცა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ, ვთქვით, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ის ზეიმი და კარგი მომენტები, რომლებიც გვქონდა და უნდა მოვემზადოთ ახალი ისტორიის დასაწერად. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურა. ჩვენს გულშემატკივრებს ფეხბურთის ენერგია აქვთ, რაც გიჟური ენერგიაა. ერთმა გულშემატკივარმა საერთოდ აქამდე სკუტერით 4 ათასი კილომეტრი გაიარა, რათა ჩვენთან ყოფილიყო. მათი ეს ენერგია ჩვენთვის დიდი მუხტია."
ვიჩენცო მონტელა (თურქეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენი მიზანია, რომ გულშემატკივარი გავახაროთ და ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყოთ. ვიცი, რომ სტადიონზე ბევრი თურქი მოვა, ამიტომ მათ იმედები არ უნდა გავუცრუოთ. რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დავაკლდება, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციას არ ცვლის. საქართველოსთან რთული მატჩი გველის, მათი ფეხბურთელები ბურთთან კარგად არიან და მათ ვაფასებ."
თურქეთი-საქართველო
ევროპის ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპი
სიდნალ იდუნა პარკი, დორტმუნდი
18 ივნისი, 20:00 (თბილისის დროით)
მთავარი მსაჯი: ფაკუნდო ტელო (არტენტინა)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კვერკველია, კაშია, დვალი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია, კაკაბაძე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე