დღეს, 1 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის კიდევ ერთი დაპირისპირება გაიმართება - პარის სენ-ჟერმენი დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრება. განვიხილოთ აქტუალური და მნიშვნელოვანი, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ამ ორი გუნდის გარშემო ხდება.
ვესტფალიელთა ნახევარფინალში ხილვა ბევრისთვის მოულოდნელობაა, თუმცა ამ გუნდმა საფეხბურთო სამყარო გააოცა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" არ ჩაიკარგა პსჟ-ს, მილანისა და ნიუკასლის გვერდით. დიახ, "შავ-ყვითლები" ფრანგულ გუნდს ლიგის ერთ სეზონში უკვე მეორედ ხვდებიან.
პირველ ორრაუნდიან დაპირისპირებაში დომინირებდნენ პარიზელები, რომლებმაც ჯერ 2:0 იმარჯვეს სახლში, გასვლაზე კი ფრე, 1:1 დააფიქსირეს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, სიგნალ იდუნა პარკის ბინადრებმა გადალახეს პსვ ეინდჰოვენისა და მადრიდის ატლეტიკოს ბარიერი, "ლურჯ-წითლებმა" კი - ბარსელონასა და სოსიედადის.
ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ოთხეულიდან დორტმუნდი ყველაზე გამოუცდელი გუნდია, თუმცა ამავდროულად, ყველაზე მოტივირებული. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. პარის სენ-ჟერმენს უკვე შევხვდით წელს და გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ".
ლუის ენრიკე (პარის სენ-ჟერმენის მწვრთნელი): "დორტმუნდთან დაპირისპირებაში ფავორიტები ვართ? - ვინც ასე მიიჩნევთ, ფეხბურთის არაფერი გაგეგებათ. არ ღირს ნაადრევი დასკვნების გამოტანა, უბრალოდ თამაშით დატკბით. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას დარჩენილი ოთხეულიდან ყველა იმსახურებს, როგორც პარის სენ-ჟერმენი, ისე ბორუსიაც".
დორტმუნდი - პსჟ:
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი;
1 მაისი, 23:00 საათი;
დორტმუნდი, სიგნალ იდუნა პარკი;
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი).