დღეს, 29 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, გაიმართება კონფერენს ლიგის ფინალი ფლორენციის ფიორენტინასა და პირეოსის ოლიმპიაკოსს შორის. განვიხილოთ, თუ რა ხდება გუნდების გარშემო.
დავიწყოთ "ვიოლათი", ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, იტალიურმა გუნდმა დაამარცხა ჰაიფას მაკაბი, ვიქტორია პლზენი და ბრიუგე. ბერძნებმა კი ფერენცვაროში - თელავივის მაკაბი, ფენერბახჩე და ბირმინგემის ასტონ ვილა. როგორც ვხედავთ, იოლი გზა არცერთ გუნდს არ ჰქონია.
რაც შეეხება შიდა ჩემპიონატში დაფიქსირებულ შედეგს, "იები" - 57 ქულით მერვე ადგილი, თუმცა ბერგამოს ატალანტასთან გადადებული შეხვედრა ჯერ კიდევ არ ჩატარებულა. "თეთრ-წითლებმა" კი 74 ქულით მე-3 პოზიციაზე დაასრულეს ასპარეზობა. აქვე დავამატებთ, რომ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გაისად ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
ფიორენტინა და ოლიმპიაკოსი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან. ზოგადად ბერძნული გუნდების წინააღმდეგ კი ფლორენციელთა სტატისტიკა ასეთია: 5 მატჩი, 1 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება. რაც შეეხებათ პირეოსელებს იტალიური კლუბების წინააღმდეგ: 28 თამაში, 7 მოგება, 5 ფრე და 16 წაგება.
ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინას მწვრთნელი): "კონფერენს ლიგის ფინალში გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვეცდებით ტურნირის მოგებასა და ჩვენი გულშემატკივრების გახარებას".
ხოსე ლუის მენდილიბარი (ოლიმპიაკოსის მწვრთნელი): "გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სეზონი დავასრულოთ ევროთასის მოგებით, რაც განსაკუთრებულია. მეტოქე ძლიერია და შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტიც არის, მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ".
ოლიმპიაკოსი - ფიორენტინა:
კონფერენს ლიგის ფინალი;
29 მაისი, 23:00 საათი;
აია სოფია, ათენი;
მთავარი მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია).