დღეს, 12 მაისს, ჩვენი დროით 19:30 საათზე, პრემიერ ლიგის 37-ე ტურის ფარგლებში, ლონდონის არსენალი მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და მეორე მხარეს გუნდი, რომელიც უბრალოდ კატასტროფულ სეზონს ატარებს. პირველ შემთხვევაში საუბარია "მეთოფეებზე", მეორეში კი - "წითელ ეშმაკებზე".
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 36 ტურის შემდეგ, "კანონირები" 83 ქულით, მეორე ადგილზე არიან და ლიდერ მანჩესტერ სიტის ორი ქულით ჩამორჩებიან. "მანკუნიანელები" კი 54 ქულით, მე-8 პოზიციაზე არიან, ბურთების უარყოფითი შეფარდებითა და მიმდინარე სეზონში დამყარებული არაერთი ანტირეკორდით გამოირჩევიან.
ერიკ ტენ ჰაგი (მანჩესტერის მწვრთნელი): "ვეცდებით სეზონის იმედიანად ჩამთავრებას. დიახ, მანჩესტერში ბევრი პრობლემაა, თუმცა ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. არსენალთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ წინაშე პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია".
მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "გველის რთული გასვლითი შეხვედრა - ეს იუნაიტედია, სხვანაირად არც გამოვა. ჩემპიონობა თუ გვინდა, უნდა მოვუგოთ ნებისმიერ მეტოქეს, მათ შორის სტუმრად, "წითელ ეშმაკებსაც". ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებასა და საჩემპიონო რბოლაში ბოლომდე დარჩენას".
მანჩესტერი-არსენალი:
პრემიერ ლიგის 37-ე ტური;
12 მაისი, 19:30 საათი;
მანჩესტერი, ოლდ ტრაფორდი;
მთავარი მსაჯი: პოლ ტირნი.