მილანმა სერია ა-ს 2023/24 სეზონი დაასრულა. "როსონერიმ" სეზონის ბოლო მატჩში სალერნიტანასთან ფრე, 3:3 ითამაშა და საბოლოო ჯამში 75 ქულა დააგროვა. სეზონის დასრულებასთან ერთად, ასევე დასრულდა სტეფანო პიოლის მილანური ისტორიაც. 58 წლის იტალიელი სპეციალისტი "როსონერის" ტოვებს, 5-წლიანი ისტორია სრულდება.
240 მატჩი, 132 გამარჯვება, 56 ფრე, 52 მარცხი და ერთი სკუდეტო, ასე ემშვიდობება "პადრე" პიოლი იტალიურ გრანდს.
პიოლისთან ერთად მილანს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს: ოლივიე ჟირუ, სიმონ კიაერი, მატია კალდარა და ანტონიო მირანტე.
ამ სიიდან ყველაზე მეტად ჟირუსა და კიაერის გამორჩევა შეგვიძლია, ორი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლების მილანის ლიდერები იყვნენ. ფრანგმა ფორვარდმა მილანში ცხრიანის "წყევლა" მოხსნა, 132 მატჩში 49 გატანილი გოლით! ამასთან ერთად, ოლიმ 20 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
სიმონ კიაერი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, მილანის "გადარჩენის" მისიას ჩაუდგა სათავეში, როდესაც 2020 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს "როსონერიში" გადაბარგდა. გამოცდილმა ვიკინგმა გუნდს 3.5-წლის განმავლობაში ულიდერა და ფანების დიდი სიყვარულიც მოიპოვა.
მილანი უახლოეს დღეებში ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს, რომელიც, დიდი ალბათობით, პორტუგალიელი პაულო ფონსეკა იქნება. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ.