ბრძოლის, გამარჯვების, უსამართლობის, სამართლიანობის აღდგენისა და ჩამორთმეული ჩემპიონობის დაბრუნების შემდეგ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, სტად დე ფრანსზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს, პარაბირთვის კვრაში (F53) გიგა ოჩხიკიძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა და დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს დროშის ფონზე ჩვენი სამშობლოს ჰიმნი აჟღერდა.
შეგახსენებთ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე გიგა ოჩხიკიძემ პარაბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა, თუმცა ირანელთა და მოროკოელთა პროტესტი, ვიდეო განხილვის შემდეგ, მსაჯებმა დააკმაყოფილეს და ქართველის მხრიდან წესების დარღვევა დაადგინეს, რასაც საქართველოს დელეგაციის პროტესტი მოჰყვა და ხელახალი განხილვის შემდეგ, გიგას ჩემპიონობა და რეკორდი დაუბრუნეს.



















